გია ჟორჟოლიანი - სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს

სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლიან გულისწყრომას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი ხალხის დაფინანსების ხარჯზე აგრძელებს არაეფექტურ საქმიანობას და ეს მათი ნების გათვალისწინების გარეშე ხდება.

„პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ ჩვენ შევიტანეთ კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან. ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს. ნაცვლად ამისა, თითოეულ მოქალაქეს თავად უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს მისი გადახდილი გადასახადიდან რომელი პარტია მიიღებს დაფინანსებას ან საერთოდ აქვს თუ არა სურვილი რომელიმე პოლიტიკური პარტია დააფინანსოს.

დღეს არსებული კანონმდებლობით, პარტიები, არჩევნებზე განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პირდაპირი წესით იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რომელსაც გადასახადების გადამხდელები ქმნიან. კონკრეტული პარტია იღებს დაფინანსებას და მოქალაქეების პოზიცია და ინტერესი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, აქვთ თუ არა სურვილი მათ მიერ გადახდილი გადასახადი მოხმარდეს ამ პარტიას, ან საერთოდ უნდათ თუ არა რომელიმე პარტიის დაფინანსება,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, პარტიები პირდაპირ ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდნენ და მოქალაქეებს, რომლებიც ბიუჯეტში გადასახადს იხდიან, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ყოველი წლის დასაწყისში თავად აირჩიონ პარტია, რომლის დაფინანსებასაც გადაწყვეტენ.

„კანონპროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად თავად აირჩევენ თუ რომელი პოლიტიკური პარტია მიიღებს, მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 0,3%–ს. მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს მათგან დაფინანსებას, ან არცერთი პარტია არ აირჩიონ.

აღნიშნული იდეის განხორციელება გაზრდის პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ურთიერთკავშირს, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ უფრო მეტად გააქტიურება და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მომუშავე ორგანიზაციები არ იქნებიან. გარდა ამისა, ასეთი მოდელი უფრო მეტად დემოკრატიული და სამართლიანიცაა, როცა ყველა მოქალაქეს თავად ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს პარტია, რომლის დაფინასების სურვილიც აქვს და შეუწყვიტოს დაფინანსება, მაშინ როდესაც გადაწყვეტს, რომ ეს პარტია აღარ გამოხატავს მის ინტერესებს,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა