„ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეუძლია სხვადასხვა ხრიკით. ერთი ვნახეთ უკვე, მათ არსენალში არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა. ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. დეპუტატი ამბობს, რომ თუ შეთანხმება სრულად შესრულდება, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ბოლომდე იქნება შესრულებული.
თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, ესე იგი ეს სცენარი კვლავ ივანიშვილმა დადგა. გაათავისუფლა რა პოლიტიკური პატიმრები, დროებით შეწყვიტა პოლიტიკური დევნა წერეთელზე, ჯაფარიძეზე, ხაზარაძეზე და ა.შ. მაგრამ საკონსტიტიციო ცვლილებების ჩაგდებისთვის ბოლოს შემოიტოვა ერთ- ერთი მექანიზმი და ეს არის გადაბრალების მექანიზმი. ამას არავინ დაიჯერებს, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ვალდებულება საკონსტიტუციო ცვლილების გატანისა არის უმრავლესობაზე, ვალდებულების შესრულების ერთი პატარა ნაწილი დარჩა და ამას არაფერი უნდა, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების გაუქმება სასამართლოს შეეძლო ნებისმიერ დროს. მსგავსი სახის თუნდაც დანაშაული რომ ყოფილიყო ევროპულ ცივილიზებულ ქვეყნებში, წინასწარი პატიმრობა არ განესაზღვრება ადამიანს. ხომ არ ვამბობთ გამოაცხადონ უდანაშაულოდ? წინასწარი პატიმრობის შეწყვეტა გადაჭრიდა ყველა პრობლემას. ვისზე უნდა მოახდინოს რურუამ ზემოქმედება, როცა მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები,"- განაცხადა გოცირიძემ.