გიგა ბოკერია - მხოლოდ ტუსკი კი არა, საქართველოს ყველა მეგობარი, პერსონა, ქვეყანა თუ საერთაშორისო ინსტიტუტი, უაღრესად შეშფოთებულია იმით, საითაც წაიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არა მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის დონალდ ტუსკის, არამედ ბევრი სხვა პარტნიორის პრინციპული და პრაგმატული ინტერესია, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს. ამის შესახებ ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, ვინც ამ ამოცანას საფრთხეს უქმნის, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხდება.

„მხოლოდ ბატონი ტუსკი კი არა, რომელიც საქართველოს დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარია, არამედ ზოგადად, საქართველოს ყველა მეგობარი, პერსონა, ქვეყანა თუ საერთაშორისო ინსტიტუტი, უაღრესად შეშფოთებულია იმით, საითაც წაიყვანა ქვეყანა ივანიშვილმა. ამ ჩიხში შეყვანის გამოვლინებაა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მან „გავრილოვის ღამით“, შემდეგ მასზე რეაქციითა და საზოგადოების გადაგდებით შექმნა - არაანგარიშვალდებულებით საზოგადოების წინაშე, მერე პროტესტის საპასუხოდ პოლიტიკური დევნით და სულ ბოლოს, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს მეგობრების მიერ მიღწეული შეთანხმების ჯერჯერობით შეუსრულებლობით. ამიტომ, დონალდ ტუსკის ჩათვლით, ყველა ასეთ ადამიანს აქვს პრინციპული და პრაგმატული ინტერესი, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს. მათ კარგად იციან, რომ ასეთია ქართველი ხალხის ნება. ვინც ამ ამოცანას საფრთხეს უქმნის, ბუნებრივია, ის ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხდება. დღეს ასეთი საფრთხე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება“,- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, მოელის თუ არა „ევროპული საქართველო“ ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში პროგნოზების გაკეთება რთულია.

„თუ არ შეასრულებს, ეს მხოლოდ მის პერსონალურ პოლიტიკურ ბედს დაამძიმებს. უბრალოდ, ქვეყნისთვის ცუდია, როცა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც პოლიტიკურ კლიმატს, დემოკრატიულ ტრადიციას აზიანებს და ჩვენნაირი ქვეყნისთვის რისკებს ზრდის “,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ევროპის სახალხო პარტია მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა