გიგა ბოკერია გაბუნიას საქმეზე  - როცა ასეთი ფაქტი გაქვს, ამ დროს ოპოზიციის მიმართ ტალახის სროლა, პროპაგანდაში მტრის დახმარებაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიცია დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ასეთ დროს ოპოზიციის მიმართ ტალახის სროლა პროპაგანდაში მტრის პირდაპირი დახმარებაა.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არ შეიძლება იქცეოდეს ნორმალური ხელისუფლება. როცა ასეთი ფაქტი გაქვს, რაც ოფიციალურად უკვე დადასტურდა, რომ ტერაქტის მცდელობა იყო, როცა ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, როცა ისმის ღია მუქარები პუტინის ხელისუფლებისგან და მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ოდიოზური კრიმინალური წარმომადგენლის - კადიროვისგან, რუსეთის ფედერაციას რომ თავი დავანებოთ, სადაც პოლიტიკურად შეკვეთილი უამრავი მკვლელობა არის დადასტურებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი შემთხვევა გვაქვს - დაწყებული სკრიპალებით, ლიტვინენკოთი, შემდეგ ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობით, რაც პირდაპირი მტკიცებულებებია, რომ პუტინის ხელისუფლება პირდაპირ არის ამაში ჩართული, ამ დროს ოპოზიციის მიმართ ტალახის სროლა პროპაგანდაში მტრის პირდაპირი დახმარებაა. ოპოზიციას ასე რომ ტალახს ესვრი, ეს არანორმალური წესია დემოკრატიულ საზოგადოებაში და არანორმალურ კლიმატს ქმნის. უფრო მთავარი არის ის, რომ მტრულად განწყობილ ქვეყანას პროპაგანდაში ეხმარები და ამით ხვალ და ზეგ შენივე მოქალაქეებს რისკებს უზრდი“,-აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პუტინის რეჟიმს პოლიტიკური საფასურის გადახდა არ მოუწევს, ეს მოქალაქეების მიმართ რისკებს გაზრდის, რადგან მტერს ეცოდინება, რომ ნაკლები ზიანით შეძლებს მსგავსი დანაშაულების დაგეგმვას.

„ამ ხელისუფლებას, პრეზიდენტით დაწყებული, კადიროვის საჯარო, პირდაპირ მუქარაზეც არ ჰქონია რეაქცია. კომენტარისგან თავს იკავებენ და მერე იძახიან, გამოძიება უნდა დამთავრდესო. თუ გამოძიების დამთავრებას ელოდებიან, ოპოზიციისკენ რატომ იშვერენ ხელს?!“,-განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის და ეს მათი საერთო სულისკვეთებაა. კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო