საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა.

სამინისტროს ცნობით, უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება. “ევროპული მარშრუტები: ღვინის მარშრუტი; ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი; პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი; ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი. ლოკალური მარშრუტები: ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ; გერმანული დასახლებები საქართველოში. ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები: დედაქალაქიდან დედაქალაქამდე; წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა.

კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; კულტურული ტურიზმის/კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების მხარდაჭერა, სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის რუკებზე, ბროშურებზე, ონლაინ პლატფორმებზე განთავსება, ტურიზმის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მართული კულტურული მარშრუტების ინტეგრირება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ორი ახალი კულტურული მარშრუტის პრეზენტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა აღნიშნული მარშრუტების ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადასცა. კულტურული მარშრუტების მიზანია ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში. ლოკალური კულტურული მარშრუტები, 2019 წლიდან, სამინისტროსთან არსებული „კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს“ მიერ კონკურსის წესით ვლინდება და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა. საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა