საია-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე მოვლენების სისტემური ანალიზი არ გაუკეთებია.

როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, ამ დროისთვის არც ერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი და სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, როგორც საია-ში აღნიშნავენ, შესაბამის უწყებებს არ გაუტარებიათ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობდა ხელს.

„საიას მიერ შესწავლილი ფაქტები ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დაძაბული ვითარების კონტროლი, დეესკალაციის მისაღწევად არ მიმართა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსს. ამის საპირისპიროდ, მან, ძირითადად, არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის, აქციის იმ მონაწილეების მიმართულებით, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე, რიგ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ტყვიები ისროლეს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით. 20-21 ივნისს არაერთი პირი, როგორც დაკავების პროცესში, ისე შემდგომ, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. პოლიციამ გადამეტებული და არასაჭირო ძალა გამოიყენა მაშინაც, როდესაც დაკავებულები მათი ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ. სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს მიზანმიმართულად ისროდნენ მედიის წარმომადგენლების მისამართითაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ეკეთათ. შედეგად, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები გამოირჩეოდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის მასშტაბურობითაც“,-აცხადებენ საია-ში.

მათი განმარტებით, ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შორის, უმრავლესობა სამოქალაქო პირი და ჟურნალისტი იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, აქედან 121 კი დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას“, - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა