ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსი - „ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი - „ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის“ ჩატარდა, რომელშიც ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის კონცეფცია, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების მხრიდან, ერთგვარი პასუხია იმ გამოწვევებზე, რამაც პანდემიის დროს იჩინა თავი. მათ შექმნეს პროექტები, რომლითაც არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება გამოავლინეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ე.წ. უტოპიური ფანტაზიის ჟანრის არქიტექტურული პროექტების მთელი სერია დაიბადა. შესაბამისად, გაჩნდა კონკურსის ჩატარების იდეა თემაზე: „ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის“.

დეკანის ინფორმაციით, კონკურსში პირველი ადგილი არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების - მარიამ ღვინეფაძისა და გიორგი ზაკაშვილის პროექტებმა მოიპოვა, მეორე ადგილი ელენე ბერძენიშვილისა და სესილი ჯორთმენაძის ნამუშევრებმა დაიმსახურა, მესამე ადგილი კი რატი ნეფარიძის, ნუცა ლომსაძისა და ნიკიტა ტიმოშენკოს პროექტებს ერგოთ.

„სოციალურმა დისტანცირებამ თუ იზოლაციამ სტუდენტებში არაერთი არქიტექტურული კონცეფცია გამოავლინა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები უდავოდ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მათში ჭარბობს ახალ რეალობასთან ადაპტირებისა და ახალი საარსებო გარემოს შექმნის თემა, ამასთან, იკვეთება ფიზიკური კონტაქტებისა და ადგილის გაქრობით გამოწვეული შიში, რასაც ახალი, ვირტუალური ადგილის გააზრება ენაცვლება. ყოველივე ეს მოითხოვს სრულიად ახალ არქიტექტურულ ფორმას - ბევრად მოქნილს, მობილურს, ადაპტირებულს, მრავალფუნქციურს და გამჭვირვალეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალ არქიტექტურულ ფორმებს არ გააჩნია საზღვრები. სტუდენტურ ნამუშევრებში პირველადი ყურადღება გამახვილებულია ადამიანზე, მის გრძნობებზე და შემოსაზღვრული სივრცის გარდაქმნაზე“, - აცხადებს ნინო იმნაძე.

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო მარღიშვილმა, რომელსაც ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი - „ახალი ქალაქი რონდომი“ ეკუთვნის, თერმოდინამიკული სისტემით აღჭურვილი მრავალეკრანიანი ინკუბატორის ვირტუალური პროექტი შექმნა. მისი კონცეფციით, პანდემიისგან დასაცავად 21-ე საუკუნის ქალაქი რონდომი აშენდა, რამაც ადამიანები ერთმანეთს დააშორა.

„ისინი სპეციალურ მრავალეკრანიან ინკუბატორში - ISOLATED SISTEM-ში თავსდებიან. ეს თერმოდინამიკური სისტემაა, რომელსაც არ შეუძლია ენერგიის გაცვლა ინკუბატორის საზღვრებს გარეთ. ადამიანი ექცევა გაყინულ სიტუაციაში და მას ჰაერივით სჭირდება კომუნიკაცია. „ISOLATED SISTEM-ში მოქცეული ადამიანი იწყებს ცეკვას, რომ წარმოქმნას ენერგია და გაუნაწილოს სხვას - არა ფიზიკურად, არამედ - ემოციით“, - აღნიშნავს ნინო მარღიშვილი.

„კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის - თინათინ გვალიას ინსპირაციის წყარო ძველი თბილისის გარდამალსივრციანი გარემოა. მის პროექტში მრავალაივნიანი, ნახევრადატრიუმიანი და კიბეებიანი თბილისური სახლი დისტანცირებით გამოწვეულ უხერხულობის პრობლემას წყვეტს. მის მიერ შექმნილ სივრცეში დაცულია, როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი სივრცეები და შექმნილია ისეთი განწყობა, რაც სახლის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კონკურსანტ ირაკლი ხატელიშვილის კონცეფციით - „სურვილი, როგორც ინსპირაციის წყარო“ - ურთულესი სიტუაცია შესაძლოა უკეთესი მომავლის დანახვისა და არსებული რეალობის გაანალიზების საშუალება გახდეს.

როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული სესილი ჯორთმენაძე აღნიშნავს, მისი არქიტექტურული ფორმის შექმნის მთავარი მიზანი პანდემიის დროს იზოლაციისთვის მზადყოფნაა. მისი განმარტებით, ადამიანმა მუდმივად უნდა შეძლოს გარემოს ცვლა. ამიტომ, მის პროექტში რელსებზე განთავსებული საცხოვრებელი სფეროები ნელი მოძრაობით ბრუნავს და გარკვეული მიმართულებით გადაადგილდება. თითოეულ დიდ სფეროს მომცრო ზომის სფეროები ებმის, რომლებშიც განთავსებულია ღია ვერანდა, აუზი, სპორტული ინვენტარი და მცირე ბაღი, რაც ოჯახის აქტიურ ცხოვრებას უწყობს ხელს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე სტუდენტური კონკურსის ჩატარებას დადებითად აფასებს. რექტორის თქმით, მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას სტუდენტური პროექტები ადეკვატურად და საინტერესოდ ეხმიანება, ამასთან ერთად, კონკურსზე გამოტანილი ნამუშევრები უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დარგი ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით ივსება, რომლებიც შექმნილ არაორდინარულ ვითარებაში ორიგინალური იდეების გენერირებას ახდენენ და მათი ხორცშესხმის უნარი გააჩნია.

„პანდემიამ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა უმაღლესი სასწავლებლები. ის, რაც ადრე შეუძლებელად გვესახებოდა, ახლა შესაძლებელია. პირველ რიგში, ხდება შეგუება ვირტუალურ სივრცესთან, რასაც ძალისხმევა, გამომგონებლობა, ურთიერთობისა და სწავლების სრულიად ახალ მეთოდზე გადასვლა სჭირდება. უეცრად აღმოვჩნდით ახალ რეალობაში, საიდანაც მომავალი უტოპიური და არაპროგნოზირებადი ჩანდა. დღეს, როდესაც უკვე მივიღეთ გარკვეული გამოცდილება, ცხადი გახდა, რომ ზოგადად უნივერსიტეტი, როგორც ფიზიკური და საზოგადოებრივი შენობა, ტრანსფორმაციას საჭიროებს. სწორედ ამას ადასტურებს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გამართული სტუდენტური კონკურსიც. პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე იძულებით გადასვლამ გვიჩვენა, რომ შესაძლებელია ფიზიკური ადგილისა და შეხვედრების გარეშე, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ახალ რეალობასთან ადაპტაცია, ურთიერთობების ახალ რეჟიმში გადაწყობა და განათლების მიღება. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ, რომ მოვა დრო და დავიბრუნებთ იმ ყველაზე სანუკვარს, რაც უნივერსიტეტის კედლებში ლექტორისა და სტუდენტის ცოცხალ ურთიერთობას უკავშირდება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა