შემოსავლების სამსახური მზადაა, ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოაწეროს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას განცხადებით, შემოსავლების სამსახური მზადაა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დახმარება გაუწიოს 15 ივნისს ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედებისას განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. როგორც შემოსავლების სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან კაკავა ვარკეთილის შერეული ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მისი თქმით, დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, ხოლო დაზარალებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ შესაბამისი მოთხოვნით.

,,აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დოკუმენტურად დასტურდება ხანძრის ადგილზე პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი, ამ ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, და 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგენს მისივე ავტორიზებული გვერდიდან. აღნიშნულ დოკუმენტს უნდა ერთვოდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია,“ - განაცხადა ლევან კაკავამ.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები.

შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი და მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა