სალომე სამადაშვილი - მმართველი გუნდის წევრები ერთი  მხრივ იძახიან, რომ საკმარისი ხმები აქვთ, მეორე მხრივ ოპოზიციას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, რაც ამყარებს ეჭვს, რომ სურვილი აქვთ ცვლილება ჩააგდონ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ახალი სცენარის დასადგმელადემზადება და არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამადაშვილმა განუცხადა, ამ ეჭვის საფუძველს მმართველი გუნდის განცხადებები აძლევს.

„მმართველი გუნდის განცხადებები მიჩენს ეჭვს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილს აქვს გეგმა ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები. სწორედ ამიტომ ტოვებს პატიმრობაში გიორგი რურუას. მან კარგად იცის, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილია რურუას გათავისუფლება. ამიტომ როგორც ჩანს, ახლა რაღაც ახალი სცენარის დადგმა უნდა ივანიშვილს და როგორც წინა ჯერზე ამბოხი მოაწყო, ამ ჯერზეც სვლა აქვს გათვლილი, როგორ შეიძლება, ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილება. მე ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს მმართველი გუნდის მოწოდებები, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია. ერთი მხრივ, იძახიან, რომ საკმარისი ხმები აქვთ, მეორე მხრივ, მოუწოდებენ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ამყარებს ეჭვს, რომ მათ სურვილი აქვთ საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდონ. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს განცხადებები ჩემთვის პირადად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე: შეიცვლის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას და დაუჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს რურუას გათავისუფლების გარეშე? -სამადაშვილმა უპასუხა:

„ჩვენი პოზიცია ცნობილია და მგონი, ეს პოზიცია ემთხვევა იმ განცხადებებს, რაც დღეს გაკეთდა საელჩოების მხრიდან, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგებოდა სხვადასხვა პუნქტებისგან და ყველა ეს პუნქტი უნდა შესრულდეს. ეს იყო დღეს გაცხადებული ელჩების მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდებენ ყველა მხარეს, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს და აქვე საუბრობენ იმაზე, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს.

თალაკვაძემ აღნიშნული განცხადება პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების მოწოდების შემდეგ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს, სადაც შეთანხმების ყველა ხელმომწერს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს