კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს, მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს

ვფიქრობ, ორივე მხარემ - მთავრობამ და ოპოზიციამ ერთგულად უნდა სცეს პატივი 8 მარტის შეთანხმებას, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა, „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მან ისაუბრა 1 წლის წინ, 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და იმ ცვლილებებზე, რაც ამ ღამემ და შემდგომმა საპროტესტო აქციებმა მოიტანა.

„პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაციების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას“, - აღნიშნა ვოლკერმა.

ვოლკერის თქმით, კრიტიკა დასავლეთიდან ნიშნავს, რომ ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ.

„ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის, და ეს ყველაფერი თითქოს, გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა