„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - მოვუწოდებთ პარლამენტს, დაინტერესდეს 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზებით

ერთი წელია, პარლამენტი 20-21 ივნისს დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭების პრობლემით არ ინტერესდება, - ამის შესახებ ნათქვამია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტს მიმართა, რათა აემოქმედებინა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი და გამოერკვია, რითი იყო განპირობებული დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა.

„2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს სახელმწიფოს მიერ ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეზინის ტყვიების გამოყენებითა და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებით დაშლის შემდეგ ერთი წელი გავიდა. აქციის დაშლისას საპოლიციო ძალის გადამეტება აღიარებულია არაერთი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლის შემდეგ, ერთი მხრივ, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ, დაშავებული დემონსტრანტების დაზარალებულად არცნობის სტატისტიკა შეიცავს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს. მიუხედავად ამისა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გამოკვლევით უკვე ერთი წელია არ ინტერესდება საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტები.

აქციის დაშლისას გამოყენებული სასტიკი მეთოდების გამო დაშავდა 275 ადამიანი: 187 დემონსტრანტი, 15 ჟურნალისტი („ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მონაცემებით დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და 73 პოლიციელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დაჭირდა, ორმა თვალი დაკარგა, ხოლო რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარდგენილი აქვს 17 მოქალაქეს, ხოლო დემონსტრანტებზე ძალადობისთვის - 3 პოლიციელს. მათგან დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე, პოლიციელთაგან - დღემდე არცერთი.

ანალოგიურად, შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში დაზარალებულად ცნობილთა სტატისტიკაც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახალხო დამცველი, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, როგორც მომიტინგეთა, ისე პოლიციელთა რიგებიდან დაშავებულთა დიდ რაოდენობაზე, დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 8 დემონსტრანტს. პოლიციელთა რიგებიდან კი დაზარალებულად ცნობილია 68 პირი.

საქართველოს პარლამენტის ხელთ არის ყველა ფუნქცია და ინსტრუმენტი პარლამენტში მსჯელობის საგნად აქციოს და რეაგირება მოახდინოს პრობლემებზე, რომლებიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლიდან ერთი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელი რჩება. ასეთი ინსტრუმენტი პარლამენტის ხელთ არის კანონის აღსრულებაზე კონტროლი: იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზად კანონს ასახელებენ, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს ვიდეო კადრები, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის სტატუსის მაძიებელთათვის პოლიციის მხრიდან დაზიანებების მიყენების ფაქტებს, გასარკვევია, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა კანონის ხარვეზითაა გამოწვეული თუ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებენ.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა პარლამენტს, აემოქმედებინა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმი და გამოერკვია, რითი იყო განპირობებული დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა. მიმართვას პარლამენტის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმით პარლამენტს შეუძლია, ღია სხდომებზე მოისმინოს მოსაზრებები როგორც საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოსგან, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან, იქნება ეს სახალხო დამცველი, დაზარალებულთა უფლებადამცველი, თუ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე მომუშავე ორგანიზაციები. პარლამენტს შეუძლია, გამოკვეთოს როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის საჭიროება.

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, საპარლამენტო მსჯელობის და რეაგირების საგანი უნდა ხდებოდეს. ამისათვის პარლამენტის ხელთ არის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და ფართო კომპეტენცია. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს დაინტერესდეს 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზებით და ამ მიზნით გამოიყენოს რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილება - ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი.

კონტროლის ფარგლებში პარლამენტმა: გამოიკვლიოს დაზარალებულად ცნობის პრაქტიკა სასამართლოსა და პროკურატურაში, კერძოდ, რა ეტაპზე და რა მტკიცებულებების არსებობისას ენიჭება პირს პრაქტიკაში დაზარალებულის სტატუსი; მოისმინოს პროკურატურის, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ორგანოების მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით; საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევიოს უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული პირი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სისხლის სამართალწარმოებაში და მუშაობენ დაზარალებულთა/მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე; განიხილოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, ანგარიშები და რეკომენდაციები;

ჩართოს პროცესში დაინტერესებულ მხარედ ის პირები, რომლებიც დაზარალებულად ცნობას ითხოვდნენ 20-21 ივნისის აქციების დაშლის შედეგად მიყენებული ზიანის გამო; დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ხარვეზი მოქმედ კანონმდებლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს