ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო აქცია, თუკი რამე ყოფილა, მთელს მსოფლიოში, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქციაზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლურად გაიმართება, დაახლოებით 20-მდე გამომსვლელი მიმართავს სიტყვით საზოგადოებას.
ამასთან, მაქარაშვილის თქმით, ეცდებიან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაითვალისწინონ არსებული ყველა რეკომენდაცია.
„საბედნიეროდ, პირველად მოხდა ისე, რომ შსს და მერია შეთანხმდა, ხელი არ შეგვიშალონ და დაგვპირდნენ დახმარებას, თუ რამე დაგვჭირდება.
რუსთაველის გამზირზე დავაკრავთ სტიკერებს, იქნება ნიშნულები, სადაც აქციის მონაწილეები უნდა დადგნენ, იმისათვის, რომ არ დაირღვეს დისტანცია. აქციაზე შეკრებილებს დავეხმარებით პირბადეებით და ხელთათმანებით. თუმცა შესაძლოა, საკმარისი რაოდენობა არ იყოს და ამიტომ, გთხოვთ ყველას, რომ მაინც თქვენი პირბადით მოდით, თუ ვინმეს დაგრჩებათ, შემოგაშველებთ. ასევე გვექნება სადეზინფექციო ხსნარებიც, იქნებიან მობილური ჯგუფები, რომლებიც ეცდებიან, რომ არ დაირღვეს არცერთი რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ჯანდაცვის უწყების მიერ. სულ არის 20-მდე გამომსვლელი. აქცია გაგრძელდება მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში. ასევე რამდენიმე პერფორმანისც იქნება, 1 წლის თავზე სრულფასფასოვანი აქცია გაიმართება“, - განაცხადა მაქარაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, იციან, თუ როგორ უნდა მოიქცენ აქციის დარბევის დროს, კონტრაქციის დროს და ასევე იციან, თუ როგორ უნდა მოიქცენ მედიასთან.
შეგახსენებთ, დღეს 19:00 საათზე, "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" აქცია გაიმართება.