ვახტანგ ძაბირაძე - ახლა უკვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გინდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და გინდა არა, მნიშვნელობა აღარ აქვს  - არ მიიღებენ და ნუ მიიღებენ

ვფიქრობ, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სწორია, თუმცა ეს აქამდე არ უნდა მიეყვანათ, დროზე უნდა გამოეცხადებინათ. ახლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ამან ფასი დაკარგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერის შესახებ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა აქამდე უნდა დაეფიქსირებინა და აღარ უნდა ყოფილიყო საჭირო 8 მარტის მოლაპარაკების ფასილიტატორი ელჩების მოწოდება.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწორია და ეს აქამდე კი არ უნდა მიეყვანათ, დროზე უნდა გამოეცხადებინათ. თუ გახსოვთ, როდესაც ჯერ კიდევ პატიმრობაში იყვნენ უგულავაც და ოქრუაშვილიც და ეს საკითხი დაისვა, მაშინ უგულავამ თქვა, რომ მთავარია საარჩევნო სისტემა შეიცვალოსო. ეს პოზიცია იმთავითვე სწორი იყო, თუმცა შემდეგ რატომღაც შეცვალეს და რაღაც პირობები წამოაყენეს. რატომღაც ოპოზიციამ ჩათვალა, რომ თუ ასეთი „პრინციპულები“ იქნებოდნენ, რაღაც წარმატებას მიაღწევდნენ. აქ მხოლოდ რურუას გათავისუფლება -არ გათავისუფლება არ იყო მნიშვნელოვანი, ოპოზიცია ამ ნაბიჯს მონათლავდა, როგორც ხელისუფლებაზე გამარჯვებას. სხვა ხარისხში გადაიყვანეს პატიმრის გათავისუფლება, რაზედაც ხელისუფლება არ წავიდა და სწორია, რომ თავი შეიკავა.

როდესაც იცი, რომ ხელისუფლებას შენ გარეშეც შეუძლია საკონსტიტუციო ცვლილებები გაიტანოს, აღარ უნდა დაელოდო იგივე ელჩების მოწოდებას, რომ მნიშვნელოვანია კენჭისყრაში მონაწილეობა და ა.შ. ოპოზიციას ზღვარი უნდა ჰქონოდა და მიღწეული წარმატება უფრო მეტად უნდა გამოეყენებინა, ვიდრე გამოიყენა. ახლა მაინც კარგია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თორემ თუ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშეც მიიღებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პოლიტიკურად მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა. ამიტომ „ევროპული საქართველოს“ ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, სწორია. არ შეიძლებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო ცვლილებების მიღება,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დუმილს, აპირებს თუ არა პოზიციის შეცვლას და კენჭისყრაში მონაწილეობას, ძაბირაძის შეფასებით, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახლა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამან დაკარგა ფასი. თუ აქამდე კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, რომ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებები არ გასულიყო, ახლა უკვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გინდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება და გინდა არა, ახლა უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათი პოზიცია გაბუტული ბავშვის პოზიციას დაემსგავსა. არ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას და ნუ მიიღებენ. ზედმეტი რადიკალიზმი თვითონ იმისთვისაა მავნე, ვინც ამ თეორიას მიჰყვება. დავუშვათ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ, ვის უმტკიცებენ ამ „პრინციპულობას“? საერთოდ რა ფასი აქვს პრინციპულობას, რომელიც არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული?! ყველაზე ცუდია, როდესაც პროცესის გათვლას ვერ ახერხებ,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება გიორგი რურუას საკონსტიტუცო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ციხიდან გამოუშვებს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არჩევნებზე რურუა კვლავ პატიმრობაში იქნება.

„რურუას ციხეში ყოფნა აზრს დაკარგავს ხელისუფლებისთვის. არჩევნების დროს მის პატიმრობაში ყოფნას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნებოდა მისი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე გათავისუფლება, რადგან პოლიტიკურად მოგებული იქნებოდა ოპოზიცია და არა - ხელისუფლება, თუმცა თუ ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ რურუას ისევ ციხეში დატოვებენ, იმ მოგებულ პოლიტიკურ ქულებს ხელისუფლება ისევ დაკარგავს,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება შეცვალა და პარტია საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო