გია ჟორჟოლიანი - საკონსტიტუციო ცვლილება სასარგებლო იქნება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის

პარტია "სოციალ - დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა არის.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ დეპუტატები თავიანთ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.

„თუ ხმებს „ევროპული საქართველოს“ ხმაც დაემატება, კიდევ მეტი იქნება. თუ არადა, სავსებით საკმარისია „ევროპული საქარველოს“ გარეშეც და ეს ცვლილება მიღებული იქნება. რამდენადაც ვიცი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად უჭერს მხარს. შესაბამისად, ხმების რაოდენობა 113-ზე მეტია. ვფიქრობ, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ეს ცვლილება გავა და დეპუტატები თავიანთ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაც შეაფასა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული ცვლილება სასარგებლო იქნება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის და ამომრჩევლებისთვის.

„მგონია, ორივეს კარგად ესმის, რომ ეს ცვლილება გავა და განსხვავებულად უყურებენ თავიანთ ტაქტიკას. სიმართლე გითხრათ, არავითარ მნიშვნელობას მაგას არ ვანიჭებ, გინდ დაუჭირონ მხარი და გინდ არა. ცვლილება გადის არა იმიტომ, რომელი პარტია უჭერს მხარს და რომელი - არა. ეს ცვლილება სასარგებლო იქნება საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღებისთვის, ამომრჩევლებისთვის და ვფიქრობ, მეტი წარმომადგენლობისთვის პარლამენტში. თუ ვიღაც ამას მხარს არ დაუჭერს, ე.ი მას, რაც მე ჩამოვთვალე, ესენი არ უნდა“, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს" წევრები. ამ ეტაპისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ: საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია "დამოუკიდებელ დეპუტატებს", ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსსა" და უფრაქციო დეპუტატთა ნაწილს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს