თამარ ჩუგოშვილი - პარტნიორებმა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს სტაბილურ განვითარებაში, ვიდრე სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა ვიღაცის ახირება არ არის, არამედ ქვეყნის მართვის ფორმაა.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში უგულებელყოფილია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრი, განსხვავებული აზრის ქონა კი მტრობად ითვლება.

მისი შეფასებით, გაერთიანების ნაცვლად, ქვეყანა დაყოფისა და შიდა მტრობისკენ მიდის.

„დღეს 21 ივნისია. ერთი წლის წინ ეს დღე ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ დღემ განაპირობა ძალიან მძიმე პროცესები. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს იყო ტრაგიკული და ასეთად დარჩება მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ამ დღის გამო, ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ შევცვლიდით ამ ქვეყნის მართვის ფორმას და საარჩევნო სისტემა ზუსტად ქვეყნის მართვის ფორმაა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ამავე პარლამენტმა გასულ ნოემბერს დადებული პირობა გატეხა, ეს პირობა არ შეასრულა და ამით კიდევ უფრო დაამძიმა ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში არის და დაამძიმა ძალიან ბევრი რამ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მეც და ჩემმა კოლეგებმაც, რაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დადებული სიტყვა მეტ-ნაკლებად შესრულებულიყო და საზოგადოებას მიეღო ის, რასაც იმსახურებდა. უკეთესი მართვის სისტემა, რასაც ის მოითხოვდა და რასაც ერთად დავპირდით. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს დღეს მეორედ არ განმეორდება. ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალას და პარტიას მიეკუთვნება, თავის როლს შეასრულებს, პასუხისმგებლობას აიღებს და მისცემს ხმას იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის წარმოდგენილი და რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის ქვეყნის მართვის ფორმა. ეს ქვეყანა ათწლეულებია ჩაკეტილ წრეზე დადის, სადაც არის ერთპარტიული სისტემა, იგნორირებული არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრი, განსხვავებული აზრის ქონა მტრობად ითვლება და გაერთიანების ნაცვლად, ქვეყანა დაყოფისა და შიდა მტრობისკენ მიდის. ეს ძალიან ცუდი და ძალიან მანვე რამეა. ამ ქვეყანას იმის პოტენციალი აქვს, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს, განიცადოს პროგრესი, იყოს განვითარებული, შემდგარი, სტაბილური სახელმწიფო და ზუსტად ეს მართვის ფორმა უშლის ამ ქვეყანას ხელს იმაში, რომ ასეთად იქცეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას დღეს დავასრულებთ და შემდგომ კვირებში მეორე და მესამე მოსმენაზე ამ მანკიერ წრეს გავარღვევთ და შევცვლით მმართველობის იმ ძალიან ცუდ ფორმას, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას წინსვლაში ხელს უშლიდა.

ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ამ ქვეყნის მეგობრებს, ქვეყნის პარტნიორებს, რომლებმაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში, ვიდრე სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ. მგონი, მათ უფრო დიდი წვლილი აქვთ იმაში, რომ ამ ქვეყანას მშვიდი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, ვიდრე სამწუხაროდ, სხვადასხვა პოლიტიკოსს. კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მეორედ აღარ განმეორდება ის, რაც 14 ნოემბერს მოხდა, რაც იყო შეცდომა და დანაშაული ქვეყნის წინაშე. იმედია, მეორედ არ აღმოვჩნდებით ამ სიტუაციაში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს