კახა ოქრიაშვილის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არც ალექსანდრე ერქვანია, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი უჭერენ

დეპუტატები - ალექსანდრე ერქვანია, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ. შესაბამისი განცხადებები დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავად გააკეთეს.

პროექტს მხარს არ უჭერს ასევე, მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომლის პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება. დღეს, ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს. ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ერქვანიამ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატს, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს, მან განაცხადა, რომ გაუგებარია, როგორ აჯობებს 30 მაჟორიტარი 73-ს.

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის არ დაუჭერს ცვლილებებს მხარს, რადგან „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.

„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები. მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი. დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“, - აღნიშნა მან.

დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.

„მე დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს, ერთი პატარა ცვლილება რომ შეგეტანათ. სიტყვა „ვალია“ შეგეცვალათ სიტყვით - „ვალდებულია“. ამ შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ნატო ჩხეიძის პოზიციას, როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

„ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება. განხილვის შემდეგ, პირველი მოსმენით პროექტს კენჭი დღესვე ეყრება. კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ "ევროპული საქართველოს" წევრებიც, რასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც გუშინ გახდა ცნობილი.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს