გია ვოლსკი - ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება სისტემა, სადაც ყველას შეუძლია მოიპოვოს უპირატესობა

ვერავითარ არგუმენტს დავეთანხმები იმის გარდა, რომ, შესაძლოა, მათ პირადი წყენა, ან პოლიტიკურ ასპარეზზე რაღაც გარკვეული პოზიციის დამკვიდრებისთვის ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის დეპუტატების ნაწილის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

ვოლსკის თქმით, საქართველოში ისტორიული მომენტია და ყველამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, რათა ქვეყანაში სტაბილურობა იყოს.

„რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, ფრაქციები, ან ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები იყოს რადიკალურად განსახვევებული, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ თქვას და დაიჯეროს, რომ საქართველო გარეშე ფაქტორის გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული.

ვერაფერ არგუმენტს დავეთანხმები იმის გარდა, რომ შესაძლოა, მათ პირადი წყენა, ან პოლიტიკურ ასპარეზზე რაღაც გარკვეული პოზიციის დამკვიდრებისთვის ჰქონდეთ განსხვავებული აზრი. შესაძლოა, გულწრფელობაც იყოს ამაში ჩადებული, მაგრამ არ შემიძლია არ გავაკრიტიკო ის გადაწყვეტილება, რომ მხარს არ დაუჭერს გადაწყვეტილებას, ძლივს მიღწეულ კონსენსუსს იმის გამო, რომ ეს თითქოსდა საქართველოში არ გადაწყვეტილა. სწორედაც საქართველოში გადაწყდა, სწორედ ქართველთა და საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შექმნის ისეთ სისტემას, სადაც ყველას შეუძლია მოიპოვოს უპირატესობა, როგორც პროპორციულ ნაწილში, ასევე მაჟორიტარულში.

ისტორიული მომენტია. გავა დრო არავინ ვიქნებით, მინიმუმ 60 წელიწადში შეიძლება აქ ცოცხალი არავინ ვიყოთ, მაგრამ ქვეყანას დარჩება რაღაც რესურსი, რაღაც პოლიტიკური კულტურა, რომელიც ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ უნდა იყოს გამაგრებული.

ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც 2022 წელს ექნება საქართველოს სიმშვიდე. გავა ჩვენი დრო, მოვა ახალი თაობა პოლიტიკოსებისა, რომლებიც ერთმანეთს მწარედ დაუპირისპირდებიან პრინციპულ საკითხებზე, პროფესიონალურად, მაგრამ არ ექნებათ ის პიროვნული აუტანლობა ერთმანეთისა, რომელიც ჩვენ გამოვამჟღავნეთ ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მივაღწიეთ იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით კონსენსუსი არსებობს. უნდა დავუჭიროთ მხარი, რასაკვირველია, და გავაგრძელოთ პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა. ესაა ის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ, თუკი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა გვინდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დეპუტატები - ალექსანდრე ერქვანია, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე და ემზარ კვიციანი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ. შესაბამისი განცხადებები დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავად გააკეთეს.

პროექტს მხარს არ უჭერს ასევე, მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომლის პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა