მამუკა მდინარაძე - მავნებლობაზე ორიენტირებული ოპოზიცია ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს და ვერც მოვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პროექტი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშეც გავიდოდა. როგორც მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით თავის სიტყვას ასრულებს და ამის დასტურია ის, რომ დღეს 92-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხარდაჭერის გარეშეც პროექტი თავისუფლად გადიოდა. გუშინ, გუშინწინაც, ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საფრთხე არ შეექმნებოდა, მითუმეტეს, თუ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციას და მასში შესატან ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თავიანთ სიტყვას შეასრულებს. „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით თავის სიტყვას ასრულებს და 92-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ასევე იქნება მეორე და მესამე შემთხვევაშიც“, - აცხადებს მდინარაძე.

ასევე მან უპასუხა კითხვას, რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“, მდინარაძის განმარტებით, დღეს საქართველოში უკეთესი პოლიტიკური ძალა არ არსებობს, რომელიც საზოგადოებაზე იზრუნებს.

„მარტივად რომ გითხრათ, დღეს საქართველოში უკეთესი პოლიტიკური ძალა არ არის, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ რეალურად საზოგადოებაზე ზრუნავს. ხელისუფალი, რომელიც მთავარ პრიორიტეტად აყენებს ადამიანს, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, სხვა არ არის. ხშირად მითქვამს ასეთი რამ, როდესაც საზოგადოება შეხედავს, რომ უკეთესი პოლიტიკური ძალა, არა „ნაცმოძრაობა“ და არა მძიმე პოლიტიკური წარსულით დამძიმებული პოლიტიკური სუბიექტები, არამედ პატიოსანი, სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკური ძალა თუ ოპოზიციაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში და ოპონირებას გავუწევთ კვალიფიციურად და არა ისე, როგორ ოპონირებასაც დღეს ვხედავთ, მავნებლურსა და ორიენტირებულს არა შინაარსიან და სიღრმისეულ ანალიზზე რომელიმე კონკრეტული თემის, არამედ მავნებლობაზე. მავნებლობაზე ორიენტირებული ოპოზიცია ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს და ვერც მოვა“, - აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო