მამუკა ხაზარაძე - პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი სწორი ნაბიჯია და იმედს ვიტოვებ, რომ ბოლომდე იქნება მიყვანილი

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

“პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის გამარჯვება. ქართული საზოგადოება დიდი ხანია, მზად არის ამ ცვლილებისთვის. ამ რეალობის შესაქმნელად ჩვენმა ახალგაზრდებმა უკომპრომისოდ იბრძოლეს, ეს ბრძოლა მათი მომავლისაა და არავის აქვს უფლება, ყურადღების მიღმა დატოვოს ისინი. დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი სწორი ნაბიჯია ამ გზაზე და იმედს ვიტოვებ, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან ბოლომდე იქნება მიყვანილი. დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც კანონპროექტს პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ცვლილებები, რომლისთვისაც წლებია, ჩვენი საზოგადოება იბრძვის, ლოგიკურ გადაწყვეტამდე მიდის და ამ სვლას ხელი არ უნდა შეეშალოს“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებისთვის უცხოელი პარტნიორების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა სჭირდება.

“უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ძალისხმევა, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს და იმუშავეს შედეგის მისაღწევად. ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა, დაბალანსებული და თანამედროვე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან. 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს,” - აღნიშნა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს