გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, სადაც ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება, გენერალური დებატები გაიმართა, რა დროსაც გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს.

“მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, COVID-19 პანდემიის პირობებში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ, დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება. გამომსვლელებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დარღვევებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შემდგომი ხელშესახები პროგრესის მიღწევას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რაც განსაკუთრებით COVID-19-ის კონტექსტში კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფას, უარყოფით გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებებზე. ამასთან, გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელი და უპირობო დაშვება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. დელეგაციები მიესალმნენ საბჭოს 43-ე სესიის დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ყოველწლიური რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” ინიცირებას და დაადასტურეს რეზოლუციის მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში კენჭი ეყრება აღნიშნულ რეზოლუციას. საბჭოს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობით პროცესზე. აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა