იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ ანა დოლიძის პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდეს. როგორც ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დოლიძის დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ მას საბჭო დაეტოვებინა, ღირსეულად ვერ შეფასდება.
„ანა დოლიძის დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდი - ის ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და მას, როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრს, ამის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, მან ალბათ, იმიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების მხრიდან იგრძნო დამოკიდებულება - საბჭოს წევრობა და პოლიტიკაში წასვლა ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. რომ არ დაზიანებულიყო პოლიტიკური კამპანია, როგორც ჩანს, ამიტომ მიიღო მან გადაწყვეტილება. ანა დოლიძეს რომ იმის ინტერესი ჰქონოდა, სასამართლო ხელისუფლების იმიჯს არ მიდგომოდა ზიანი, ის ამ გადაწყვეტილებას აქამდე მიიღებდა. როგორც ჩანს, მას თანამდებობა არ ეთმობოდა. როგორც პოლიტიკოსი ამ ტრიბუნას, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობით ჰქონდა, კარგად გამოიყენებდა. ამიტომ იგი არ ტოვებდა თანამდებობას. მან ეს ნაბიჯი მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა მის ამჟამინდელ საქმიანობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას ერთად, ამიტომ მისი ახლანდელი ნაბიჯი ღირსეულად ვერ შეფასდება. კიდევ სხვაზე თავდასხმით ცდილობს გაიკეთოს პოლიტიკური კარიერა. მან დღეს მე მიგულისხმა „სქემა 108“-ში, რადგან მე მქონდა პარლამენტში 108 დეპუტატის მხარდაჭერა. ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ ღირსეულად მისი ნაბიჯი ვერასდროს იქნება შეფასებული. რაც მთავარია, მის მიმართ მე პირადად დამრჩა კითხვა და თუ სადმე შესაძლებლობა მექნება, ყოველთვის დავუსვამ - არ ამბობს ანა დოლიძე დღესაც ვინ აფინანსებს მის მოძრაობას, მითუმეტეს, ვინ აფინანსებდა მაშინ მას, როდესაც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. მას კანონით ამის უფლება არ ჰქონდა. თანამდებობიდან გადადგომა არ აქარწყლებს იმ ეჭვებს, რომელიც მის დაფინანსებას შეეხება. მას ჰქონდა ოფისი, დღესაც ჰყავს და აქამდეც ჰყავდა აპარატი. კანონდარღვევა არ ქარწყლდება თანამდებობიდან წასვლით“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, მიმართავს თუ არა კანონდარღვევის თაობაზე საგამოძიებო უწყებას, თუმცა, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საკითხით შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდეს.
„დაველოდოთ აუდიტის სამსახურს. ის არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამიტომ დავფიქრდები, რამდენად უნდა ავიღო ჩემს თავზე და მივმართო შესაბამის უწყებებს. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მონიტორინგის ფარგლებშიც შეისწავლონ მისი დაფინანსების საკითხი და დასკვნებიც გამოიტანონ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დატოვა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის. ანა დოლიძის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ცნობად უნდა მიიღოს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი კონკურსს ღია წესით აცხადებს და 10 დღის განმავლობაში განაცხადებს იღებს. პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არაუგვიანეს 1 თვეში ახალი წევრი უნდა დანიშნოს.