ნინო ბურჯანაძე - მინდა, იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენისას რაიმე სიურპრიზის წინაშე არ დავდგებით და ხელისუფლებას გონიერება ეყოფა

სრულიად ნათელი იყო, რომ “ქართული ოცნება” კვლავ ეძებდა გზებს კანონპროექტის ჩასაგდებად. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს რაიმე სიურპრიზის წინაშე არ დავდგებით და ხელისუფლებას ეყოფა გონიერება,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღების საკითხს გამოეხმაურა.

ბურჯანაძე აღნიშნულ ფაქტს აფასებს როგორც უმნიშვნელოვანესს მოვლენას და მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მადლობას უხდის.

მისი თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობის თაობაზე “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება სწორი და სახელმწიფოებივი იყო.

“გუშინ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე იყო უახლესი ისტორიის განმავლობაში. დიახ, უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად, რომელიც გაწია ახალგაზრდებმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს და პარლამენტი ხალხის ნების გამომხატველი იყოს. პროცესები გადავიდეს რუსთაველიდან პარლამენტში და იყოს პოლიტიკური დებატების კულტურა და არა ერთმანეთის ლანძღვა და ჩაძირვა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს დიპლომატებს, ფასილიტატორ ელჩებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ პროცესში, საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომელიც შეკრებილი იყო შალვა ნათელაშვილის ოფისში მაგიდის ირგვლივ და ამ მაგიდამ და ერთობამ ნამდვილად მოიპოვა ის, რისთვისაც ახალგაზრდები და საზოგადოება ამ პერიოდის განმავლობაში იბრძოდა. მინდა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შევაფასო “ევროპული საქართველოს” მიერ მიღებული ძალიან სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ “ქართული ოცნება” კვლავ ეძებდა გზებს კანონპროექტის ჩასაგდებად. ეს ჩანდა და 116-ხმიანი უპირატესობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იქნებოდა 2-3 დეპუტატის მოძებნა, რომელიც კანონპროექტს რაღაც მიზეზის გამო ხმას არ მისცემდა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა დარჩებოდა კვლავ ძველი სისტემის ტყვეობაში. ამიტომ “ევროპული საქართველოს” ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი სწორი და ყველანაირი შანსი დაუკარგა “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, რომ მანიპულირება მოეხდინა საარჩევნო სისტემის. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს რაიმე სიურპრიზის წინაშე არ დავდგებით, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება სრულყოფილად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ამით შექმნას მისთვისაც უკეთესი გარემო წინასაარჩევნო პერიოდში. იმიტომ, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მისთვის არის უკიდურესად დამაზარალებელი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს მიმართავს და საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს. მისივე თქმით, ოპოზიციის ერთობამ შედეგი გამოიღო.

“ეს არ არის მხოლოდ პარტიებისთვის მნიშვნელოვანი დღე, ეს არის პირველ ყოვლისა ქვეყნისათვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს იძლევა შანსს, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გამოვიდეს იმ ჭირისგან, რასაც ჰქვია ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. იმ ჭირისგან, რაც გვჭირს, როდესაც ერთმა მდიდარმა კაცმა პრაქტიკულად მთელ ქვეყანას ოკუპირება გაუკეთა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჯიბეში ჩაიდო. ეს აღარ განმეორდება! პარტიები იქნებიან სხვადასხვა სახით და რაოდენობით წარმოდგენილნი პარლამენტში. ეს უზრუნველყოფს ჯანსაღ დისკუსიას, შეჯიბრებითობას და ვალდებულებას პარტიების მოსახლეობის წინაშე და მოსახლეობას ყოველთვის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც მას გაუმტყუნა იმედები, უარი უთხრას. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური გაჯანსაღების ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი და შესაბამისად, ეკონომიკური გაჯასაღებისაც. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დიახ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო სრულიად ოპოზიციური ერთობა, თუნდაც კონკრეტულ ერთ ამოცანასთან დაკავშირებით. ამ ამოცანასთან დაკავშირებით ერთობამ მოიტანა შედეგი და მოგვცა შანსი, რომ ქვეყანა ნორმალურ გზაზე დავაყენოთ. ამისთვის ღირდა თუნდაც იმ ლანძღვა- გინების მოსმენა, რომელიც არაერთგზის გვესმოდა ამ ერთობის გამო”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო