ეკა ბესელია სოფო კილაძეზე - უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ, გაჩუქონ კომიტეტი, უფლებადამცველი ვერ გახდები

უფლებადამცველი თუ შინაგანად არ ხარ, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის კანდიდატურის გაეროს ბავშვთა კომიტეტში წარდგენას არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება.

ეკა ბესელიას თქმით, სოფო კილაძის მისამართით არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იზიარებს.

„მეც ვიზიარებ ამ პათოსს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქვთ და აქვთ სრულიად სამართლიანად. უფლებადამცველი თუ არ ხარ შინაგანად და არ გაქვს მგრძნობელობა რა არის ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც არ უნდა დაგაბრალონ ეს, დაგარქვან სახელი და გაჩუქონ კომიტეტი, რომელიც სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მისი წყალობით და არა უფლებადაცვით საქმიანობას, უფლებადამცველი ვერ გახდები. ის, რომ კილაძის მიმართ არსებობს ასეთი მკვეთრად კრიტიკული და უარყოფითი განწყობა უფლებადამცველებისა, მე არ მიკვირს, რადგან ის არ არის უფლებადამცველი, მან არ იცის უფლება დაცვითი საქმიანობა და იმდენად შორს არის ამ საქმიანობიდან, რომ არანაირი მგრძნობელობა უფლებების დაცვის მიმართულებით არ აქვს და ეს არის აბსოლუტური ფარსი, ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ ამ კრიტიკას, რაც არსებობს,“- აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

„ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით,”- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა