ანა ჯაბაურის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას ევროპის ერთ-ერთ ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით დადებითი დინამიკაა, რაც მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს. ამის შესახებ ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ.

"მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია - მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა - გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც ის ახლა თქვენგან მიიღებს - საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე.

ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს.

სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა.

ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც" , - წერს ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს