მსოფლიო ბესტსელერი სტარტაპების სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოდის, MIT და BTU-ს თანამშრომლობა ახალ ეტაპზეა

მსოფლიო ბესტსელერი ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’, რომელსაც სტარტაპები, მეწარმეები, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები და აქსელერატორები სამაგიდო წიგნს უწოდებენ, ქართულ ენაზე გამოიცემა.

წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული. MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე რეგიონში პირველად დაფუძნდა და 2020 წლის იანვარში, სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა გამართა. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის და პარტნიორობის შემდგომი გაგრძელების პირობებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება, MIT-ში დაფუძნებული Martin Trust ცენტრის ხელმძღვანელის და MIT Sloan School of Management-ის პროფესორის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„გლობალური სტარტაპ ლაბის პარტნიორები საქართველოში სწორედ ჩვენ ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტს MIT 37 ქვეყანაში ახორციელებს და მათ შორისაა საქართველოც, სადაც ლაბი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ჩამოსულმა ოთხმა ტრენერმა გახსნა მიმდინარე წლის დასაწყისში. რამდენიმე თვეში კი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით. დავამყარეთ კომუნიკაცია MIT–ის პროფესორთან, რომელიც არის ავტორის წიგნისა ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’. ზოგადად, საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ ადამიანი მეწარმედ უნდა დაიბადოს. ეს წიგნი კი სწორედ აღნიშნულ სტერეოტიპებს ამსხვრევს. ავტორი ამბობს, რომ არსებობს 24 თანმიმდევრული ნაბიჯი, რომლის გავლის შემდეგაც ყველას შეუძლია გახდეს წარმატებული მეწარმე როგორც თავის ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს წიგნი არ არის მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ის არის ყველასთვის, ვინც სამეწარმეო ეკოსისტემის ნაწილია. ასეთი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყანაში მეწარმეობა ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული კომპონენტია. მოხარულები ვართ, რომ მისი გამოცემა სწორედ BTU–ს ინიციატივით ხდება,“ – აცხადებს ნინო ენუქიძე.

აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა სტრატეგიულ როლს ასრულებს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირების პროცესში და უზრუნველყოფს სტუდენტებს, სტარტაპერებს და ეკოსისტემის სხვა ბენეფიციარებს, მსოფლიოში აღირებული სტანდარტების შესაბამისი ცოდნით მეწარმეობის სფეროში. სახელმძღვანელო 2021 წელს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცემა.

„ამერიკის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა ყოველწლიური საგრანტო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ათობით ამერიკელი ავტორის წიგნი ითარგმნება და იბეჭდება, რათა მეტ ქართველ სტუდენტს, მკვლევარს და დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა უახლეს ამერიკულ კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე. პროგრამით გამოცხადებული ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა არის ეკონომიკა და მეწარმეობა. 2020 წლის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა, რომლის შემოთავაზებული წიგნი „24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“ ზუსტად პასუხობს პროგრამის ამ პრიორიტეტებს. პროექტის წარმატება პრიორიტეტულობის გარდა სამიზნე აუდიტორიის სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ განაპირობა. ამ წიგნის თარგმნის შემდგომ მასზე წვდომა ექნება არამხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებს, ტრენერებს, სამეწარმეო ეკოსისტემის წარმომადგენლებს და ბევრ სხვა დაინტერესებულ პირს. ძალიან დასაფესებელია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში მხოლოდ წიგნის თარგმნით არ შემოიფარგლება და დაბეჭდვის შემდგომ დიდ ინფორმაციულ კამპანიას გეგმავს სრულიად საქართველოში,” - აცხადებს საქართველოში აშშ–ს საელჩოს გრანტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი.

,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ სრულიად ცვლის წარმოდგენას იმ მიდგომებზე, რომელიც საჭიროა წარმატებული სტარტაპის დასაფუძნებლად. როგორ უნდა შექმნას მეწარმემ კარგი პროდუქტი, მოახდინოს ინოვაციური იდეების და პროცესების ოპტიმიზაცია, ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, როგორ უნდა შეძლოს ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე და წინააღმდეგობების გადალახვა ისე, რომ სტარტაპი წარმატებულ ბიზნესად აქციოს, ეს და სხვა მრავალი საკითხი, 24 თანმიმდევრულ ეტაპად სახელმძღვანელოში არის განხილული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა