არჩილ თალაკვაძე - დიახ, ჩვენ ბოლომდე ვასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას და „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, პრაქტიკულად სრული უმრავლესობით

ანდრიუს კუბილიუსი ყველას მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ. ვინც პირველ მოსმენაზე დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, დღეს უნდა მობრძანდნენ და მხარი დაუჭირონ. უნდა მობრძანდნენ შემდეგ ორშაბათს, სამშაბათს და დაუჭირონ მხარი. ეს არის ბოლომდე შესრულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც კუბილიუსი პოლიტიკურ პარტიებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, კუბილიუსის ეს ტექსტი კორექტულია, რომელშიც საერთოდ არ წერია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ბრალდებული მეწილის გიორგი რურუას შესახებ.

„ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე გავიაზროთ ეს ტექსტი. რურუა საერთოდ არ წერია ამ ტექსტში წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც მე ბატონი კუბილიუსი გავაკრიტიკე, იმიტომ, რომ მან პირდაპირ მომიწოდა, ჩავრეულიყავი მართლმსაჯულების სისტემაში, გადაწყვეტილება მიგვეღებინებინა კონკრეტულად სხვა სახელისუფლებო შტოსთვის, რაც არის კონსტიტუციის და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. პარლამენტიდან ვერც ერთი არჩილ თალაკვაძე პროკურატურას და სასამართლოს ვერ უბრძანებს, ვინმე დააპატიმროს ან გაათავისუფლოს, ეს თემა დავხუროთ.

ახლა, ვხედავთ, რომ დღევანდელი ტექსტი სხვა ტექსტია, რაც ბატონმა კუბილიუსმა გამოაქვეყნა. ეს არის აბსოლუტურად კორექტული ტექსტი. ის ყველას მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ. რას ნიშნავს ბოლომდე? ვინც პირველზე დაუჭირა მხარი, დღეს უნდა მობრძანდნენ და მხარი დაუჭირონ, უნდა მობრძანდნენ შემდეგ ორშაბათს, სამშაბათს და დაუჭირონ მხარი. ეს არის ბოლომდე შესრულება. მე პირდაპირ შემიძლია გიპასუხოთ ამ წერილზე, რომ დიახ, ჩვენ ბოლომდე ვასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას და სამივე კენჭისყრაზე „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ამ ცვლილებას, პრაქტიკულად სრული უმრავლესობით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ არ წერია არც კუბილიუსის ტექსტში, არც შეთანხმების ტექსტში და არც მემორანდუმში, რაც შეეხება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა, რომელმაც „მიიღო მძიმე, მაგრამ ალბათ სწორი გადაწყვეტილება“.

„მან ოპოზიციას ჩაუშალა გეგმები, რომლითაც ისინი აპირებდნენ პროცესის კრიზისში შეყვანას“, -აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" დაწერა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას.

„მივესალმები საქართველოში საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით მიღებას 136 ხმით. იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულიად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას. ესაა გზა დემოკრატიის სიმწიფემდე საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე!", - წერს კუბილიუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა