გიორგი პერტაია - შრომის ინსპექციის კანონპროექტთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა მოახდინოს დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევა

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს უსაფრთხო და ჯანსაღი შრომითი გარემო. თუმცა, აღნიშნული მიზნის მიღწევა დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების პროპორციული და თანაზომიერი გათვალისწინების გარეშე,- ასე ეხმაურება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ბიზნესის რიგი რეკომენდაციები.

,,არსებული რედაქცია, წინა ვერსიისგან განსხვავებით ითვალისწინებს საჩივრის განხილვის კონკრეტულ ვადებს. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. კანონპროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსია ითვალისწინებდა აღნიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, გონივრული ვადით, რაც ბუნებრივია ეწინააღმდეგებოდა როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლების ინტერესებს. მხარეები იძულებულნი იქნებოდნენ გაურკვეველი პერიოდით ყოფილიყვნენ ინტენსიური მოლოდინის რეჟიმში", - აღნიშნავს პალატის პრეზიდენტი.

გიორგი პერტაიას განმარტებით, კანონპროექტის არსებულ ვერსიაში აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია და პირდაპირ არის მითითებული, რომ მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია საჩივრის განხილვის ვადა გააგრძელოს 1 თვით.

„პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი აღნიშნული ვადის გაგრძელების დასაბუთების აუცილებლობის შესახებ. თუმცა, კანონპროექტი კვლავ ითვალისწინებს ისეთ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვნად არღვევს დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის ბალანსს, დამსაქმებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ",-აღნიშნავს პერტაია.

პერტაია შემოთავაზებული კანონპროექტის უმთავრეს ხარვეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად შეუზღუდავ უფლებამოსილებებს ანიჭებს შრომის ინსპექციის სამსახურს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ ეწინააღმდეგება დამსაქმებლის ინტერესებს და შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ბიზნესის განვითარებაზე.

,,კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილი ხდება შევიდეს სამუშაო სივრცეში დღე- ღამის ნებისმიერ დროს სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე. უფრო მეტიც, შრომის ინსპექტორის ადგილზე შემოწმების უფლებამოსილება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო სივრცით, არამედ მას ასევე ენიჭება უფლება სასამართლოს გაცემული ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში. გარდა ამისა, დაუბალანსებელია ასევე ნორმები, რომლებიც შრომის ინსპექტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს სამუშაო სივრცის ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებას უკავშირდებოდეს და ეწინააღმდეგება დამსაქმებლისა და ბიზნესის განვითარების ინტერესებს"- აღნიშნავს გიორგი პერტაია.

პალატის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიზნესისათვის დაწესებული დამატებითი რეგულაციები და მათი უფლებების შეზღუდვა უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მაჩვენებლებზე, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას იქონიებს დასაქმებულთა კეთილდღეობაზეც. მისი შეფასებით, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესები არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული და ბიზნესის თავისუფალი განვითარება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო