ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი გამოგონებით ირლანდიური სამედიცინო კომპანია დაინტერესდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გამოგონებით, რაც ახალი ტიპის კარდიოვასკულარული ათეროთრომბოექტომიის სამედიცინო მოწყობილობის შექმნას უკავშირდება, ირლანდიური სამედიცინო კომპანია დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოსა და ირლანდიის მხარეებს შორის გადაწყვეტილების შეჯერების მიზნით, ირლანდიური კომპანია ARROTEK MEDICAL-ის ინიციატივით, 1-3 ივლისს პროექტის ონლაინ განხილვა ჩატარდება. გარდა ამისა, უცხოელი სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობას სამედიცინო პროდუქციის წარმოების ვირტუალურ ტექნოლოგიურ კონგრესსა და გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ახალი ტიპის კარდიოვასკულარული ათეროთრომბოექტომიის სამედიცინო მოწყობილობა ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტორ გოგი კვარაცხელიას გამოგონებაა და ახალ მოწყობილობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

„ახალ, ინოვაციურ სამედიცინო აღჭურვილობას, ფუნქციური დანიშნულებით, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ამას „საქპატენტის“ მიერ მსოფლიოს 100 ქვეყანაში ჩატარებული ძიება და ექსპერტიზა ადასტურებს. მოწყობილობა უნიკალურია იმითაც, რომ ის მიმმართველი „ვაიერის“ გარეშე სინქრონულად მუშაობს სხვადასხვა დიამეტრის მქონე სისხლძარღვთა სისტემაში. მისი დღემდე მოქმედი ყველა ანალოგი „ვაიერის“ მეშვეობით ფუნქციონირებს და ქირურგიული ჩარევისას მრავალ სირთულეს ქმნის. ირლანდიურ კომპანიასთან ახალი სამედიცინო აღჭურვილობის შეთავაზებაზე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ჩაფიძის გულის კლინიკამ ერთობლივად იმუშავეს“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელისა და გამოგონების ავტორის გოგი კვარაცხელიას განმარტებით, ახალ მოწყობილობას არსებული ანალოგებისგან ორი ძირითადი უპირატესობა განასხვავებს. „ჩვენს სამედიცინო მოწყობილობას ორი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი აქვს. პირველი - მას კონსტრუირებისა და ფუნქციონირებისას არ სჭირდება მიმმართველი „ვაიერი“, ერთგვარი ლითონის მავთული, რაც მრავალ სირთულეს ანეიტრალებს, როგორც პაციენტისთვის, ასევე კარდიოქირურგებისთვის. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ათეროთრომბოექტომიის ახალი სამედიცინო მოწყობილობა მუშაობს სხვადასხვა დიამეტრის სისხლძარღვთა ღრუში. ეს კი ახალი სიტყვაა თანამედროვე კარდიოვასკულარულ სამედიცინო ტექნოლოგიაში“, - აცხადებს გოგი კვარაცხელია.

როგორც გამოგონების ავტორი აღნიშნავს, ახალი ტიპის სამედიცინო მოწყობილობის კონსტრუქციის თავისებურებები, როგორც ინტელექტუალური საკუთრება, რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ირლანდიელ პარტნიორებთან ე.წ. გაუთქმელობის ხელშეკრულებაა გაფორმებული.

„წერილი და პროექტის ხარჯთაღრიცხვა, ყველა პუნქტის ცალ-ცალკე განფასებით, მივიღეთ ირლანდიური კომპანიისგან ARROTEK MEDICA. გამოგონების პრაქტიკაში დასანერგად საჭიროა იმგვარი სტრატეგიის რეალიზება, როგორიცაა მომხმარებლის ფუნქციური მოთხოვნების დაზუსტება-დახვეწა. ეს სიზუსტე კრიტიკული და ასპირაციული მოთხოვნების დეტალური განხილვის საშულებას მოგვცემს. ამ ეტაპზე განიხილება კონცეფციის მიზანშეწონილობა, ზომის, მორგების, სტრუქტურისა და გეომეტრიის შექმნა, ასევე, დიზაინის მხრივ - ანატომიაზე მოქმედებისა და მასალების გამოყენების უსაფრთხოების კვლევა და შეფასება. ვმუშაობთ კონცეფციების შეფასება-შერჩევის მიმართულებით, ვადგენთ შენიშვნების ნუსხას და ვსწავლობთ გამოხმაურებებს ყველა დასკვნის ჩანიშვნით. გარდა ამისა, ვმუშაობთ 3D CAD მოდელების დახვეწის კონცეფციასა და დიზაინის ვირტუალურ ანალიზზე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ტესტირების გაგრძელება, საჭიროების შემთხვევაში კი - პირველი ეტაპის პროტოტიპების შეცვლა, ასევე, დიზაინის მიმართულების შემუშავება და დამტკიცება. იმედია, ინტენსიური მუშაობის შედეგად, მოკლე დროში შევარჩევთ ფუნქციურ საკითხებს, რაც ტესტირების გზით გამოიკვეთება“, - განმარტავს გოგი კვარაცხელია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ტიპის კარდიოვასკულარული ათეროთრომბოექტომიის სამედიცინო მოწყობილობის პროექტის ხანგრძლივობას დიზაინისა და პროტოტიპირების შემუშავების, დაგეგმვისა და რესურსების განაწილების მართვა განაპირობებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა