ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში - ICHEP-2020 მონაწილეობას მიიღებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ფირცხალავა და ლევან ხელაშვილი, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელშეწყობით, რიგით მე-40 საერთაშორისო კონფერენციაში - ICHEP-2020 მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონფერენცია ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ონლაინ რეჟიმში, 28 ივლისიდან - 6 აგვისტომდე გაიმართება. კონფერენციის მთავარი თემა მაღალი ენერგიების ფიზიკაა. აღსანიშნავია, რომ ბაკალავრიატის სტუდენტმა მარიამ ფირცხალავამ და მაგისტრანტმა ლევან ხელაშვილმა კონფერენციაში მონანაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ATLAS-ის საგამომცემლო კომიტეტის (ATLAS OutreachPubCom) და შემდგომ CERN-ის საგამომცემლო კომიტეტის (CERN OutreachPubCom ) შემოწმება გაიარეს.

კონფერენციაზე მარიამ ფირცხალავა წარადგენს მოხსენებას - „განვრცობითი რეალობის (augmented reality) აპლიკაციების შექმნა ATLAS-ექსპერიმენტისთვის“. პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში, ვიზუალიზაციის ჯგუფის მიერ სრულდება. რაც შეეხება ლევან ხელაშვილს, ის კონფერენციაზე წარდგება მოხსენებით - „ATLAS-ის დეტექტორის ვიზუალურ-შემეცნებითი აპლიკაციის შექმნა ATLAS-ექსპერიმენტისთვის“.

პროექტს სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში, Tracer-ჯგუფი ახორციელებს. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ეწევა და საერთაშორისო პროექტებს მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებთან და ცენტრებთან კოლაბორაციით ახორციელებს, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) ერთად.

„ჩვენი ბირთვული ინჟინერიის ცენტრი, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, საერთაშორსო პროექტებსა და ექპერიმენტებში მონაწილეობს. წლების განმავლობაში ცენტრმა 15 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ისეთ პარტნიორებთან კოლაბორაციაში, როგორიცაა კემბრიჯის, სტენფორდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები, ჰოლანდიის სუბატომური ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი, ცერნის ATLAS-ის ექსპერიმენტი, სტენფორდის ეროვნული ამაჩქარებლის ლაბორატორია. არც ერთი ჩვენი ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტი არ რჩება შეუმჩნეველი - ბირთვული ინჟინერიის ცენტრის 14 თანამშრომლიდან 8 - ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტია. ისინი სერიოზულად არიან ჩართული მიმდინარე საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში. გარდა ამისა, მათ საშუალება ეძლევათ, თავიანთი კვლევები ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გაიტანონ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ბირთვული ინჟინერიის ცენტრი 2009 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა. „ამჟამად, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში სამი ახალი საერთაშორისო პროექტი მიმდინარეობს. GEANT-4 სიმულაციის პაკეტებისთვის დეტექტორის გეომეტრიული მოდელები მუშავდება. პროექტის კოლაბორაციული პარტნიორები არიან სტენფორდის უნივერსიტეტი, ბერკლის ნაციონალური ლაბორატორია და ლუისვილის უნივერსიტეტი; ასევე, CATIA-ს ბაზაზე მუშავდება გეომეტრიული მოდელირების პლატფორმა. აღნიშნულ პროექტში კოლაბორაციული პარტნიორები არიან CERN-ი, ფრიბურგისა და ბრანდის უნივერსიტეტები. გარდა ამისა, პარიზის, პიცბურგისა და დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციით, ATLAS-ის დეტექტორის ფიზიკური პროცესების ვიზუალურ-შემეცნებითი პროგრამული აპლიკაციები მუშავდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა