კანონპროექტი, რომლის თანახმად, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვები ხდებოდა ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, დაკორექტირდა

პარლამენტმა „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების პროექტის კორექტირებულ ვარიანტს პირველი მოსმენით (85 მომხრე) დაუჭირა მხარი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებული ვერსიით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვები ხდებოდა ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, პარლამენტისთვის პირველი მოსმენით წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნული პუნქტის ამოღება მოხდა.

საკომიტეტო მოსმენის პროცესში დაისვა საკითხი, რომ დაცულ ტერიტორიებში იგეგმებოდა მსხვილი ჰიდრო ობიექტების მშენებლობა.

"ჩვენი მხრიდან არაერთგზის აღინიშნა, რომ ეს საკითხები დაკონკრეტდებოდა და სწორედ პირველი მოსმენისთვის წარმოვადგინეთ კანონპროექტის კორექტირებული ვერსია, რომელიც სრულად ასახავს იმ ძირითად მიზნებს, რაც დასაწყისშივე გვქონდა. ასევე, ამ საკითხზე კონსულტაციები იყო მათ შორის არასამთავრობო სექტორთან,“- განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, იქმნება თრუსოსა და არაგვის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტები.

თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და მოიცავს თრუსოს ხეობას, მისი ფართობი 7 ათასი ჰექტარია. პროექტის თანახმად, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, რისთვისაც გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი.

არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვის და ხევსურეთის არაგვის ხეობებს. მისი ფართობი 105 ათასი ჰექტარია. პროექტის თანახმად, არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას, გარდა სახელმწიფო ტყისა მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი, რისთვისაც გამოყოფილი იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა