ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 8.25 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა.

" მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა. ინფლაციის მოსალოდნელ დინამიკას, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორების ურთიერთქმედება განსაზღვრავს. ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა გამოიწვია. თუმცა აღნიშნულს ინფლაციის მაჩვენებელზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს. მეორე მხრივ, როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი შესუსტების ზემოქმედება ინფლაციაზე უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც ინფლაციის პროგნოზის შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე ზევით ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგრძელებს გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას და განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები. წინასწარი ინდიკატორები ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით შერეულ სიგნალებს იძლევა. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აპრილში წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა მაისში, წინა თვესთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა, თუმცა წლიური ზრდის მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მაღალი წლიური ზრდა, რაც ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამავე დროს, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის კვალდაკვალ, საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. ჯამურად, ეს ფაქტორები ნიშნავს, რომ ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელი კლების მასშტაბთან დაკავშირებით საკმაო გაურკვევლობა არსებობს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად აისახება მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის დაგეგმილი ნაწილობრივი სუბსიდირება. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილების ტოლფასია. არსებული პროგნოზებით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნის შედეგად, საგარეო მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტებული დარჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 31 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 97 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, მაისში იმპორტიც წლიურად 34 პროცენტით შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება,"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო