ნოდარ მელაძის სუს-ში გამოკითხვა დასრულდა

ტელეკომპანია „პირველის" გენერალურმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა. როგორც მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-ის ყველა შეკითხვაზე პასუხი იყო ერთი, რომ ჟურნალისტებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი აძლევთ საშუალებას მათი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე არ მისცენ ჩვენება.

„კითხვები ეხებოდა როდის გავიგე იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგისგან, ხომ არ უთქვამს, რომ ის იყო თვალთვალის მსხვერპლი. ასევე, პირველად როდის მივიღე ინფორმაცია ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით. სუს-ს აინტერესებდა ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინტერესით დავიწყეთ თუ ვინმემ დაგვავალა ან გვთხოვა. აინტერესებდათ რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში და გვაქვს თუ არა სხვა დოკუმენტები, რომელიც ჯერ არ გაგვისაჯაროებია, ვფიქრობთ თუ არა კიდევ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას. ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე არ მივცეთ ჩვენება, ესეც ჩაიწერა ჩვენებაში," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მელაძის ინფორმაციით, მან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ბრიფინგიდან გაიგო და მანამდე აღნიშნულ საკითხე გიორგი გაბუნიასთან საუბარი არ ჰქონია.

„არ მახსენება, რომ მე და გიორგის ამ თემაზე რაიმე სახის საუბარი გვქონოდა სანამ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდებოდა, მე ეს ინფორმაცია გავიგე ბრიფინგიდან, რომელიც გავიდა „მთავარი არხის" ეთერში. ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაკავებული ადამიანისთვის ბრალიც არ აქვს წარდგენილი და ის სრულიად სხვა მუხლით არის დაკავებული, როდესაც კითხვებზე პასუხი არ არსებობს, ჟურნალისტები იწყებენ გამოძიებებს, ეს არის საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემა," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო: ნოდარ მელაძე სუს-ში გამოიკითხა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა