სოფო კილაძე - სახალხო დამცველის ინსტიტუტი „ქართული ოცნების“ პირობებში, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადამიანების უფლებების კუთხით მონიტორინგის განხორციელებაზე

სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნების“ პირობებში, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადამიანების უფლებების კუთხით მონიტორინგის განხორციელებაზე და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ომბუდსმენის ინსტიტუტთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.

სოფო კილაძის თქმით, პარლამენტსა და ომბუდსმენს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მოწმობს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაზიარებული რეკომენდაციების მზარდი რაოდენობა. მისივე ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ, სამჯერ არის გაზრდილი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანი და მისი უფლებები „ქართული ოცნებისთვის“, ქართული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, თუმცა, ამის მიუხედავად, არის გამოწვევებიც.

„მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი სურვილისა, მსოფლიოში ალბათ, არ არსებობს იდეალური სახელმწიფო და არც საქართველო არის გამონაკლისი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ თითოეული ადამიანი იყოს დაცული. ეს არის ჩვენი მიზანი, ამისთვის ვართ ჩვენ აქ და ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზანიც არის, რომ ვიმუშაოთ უკვე არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე, ვიმუშაოთ თითოეული ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენაზე და სამომავლო პრევენციაზეც“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე შეფასებით, იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, რომ დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„ჩემდა გასაოცრად, ადამიანის უფლებების „მთავარი დამცველები“ - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა დანაყოფით, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“,- აღნიშნა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მიღწევებსა და გამოწვევებზეც. მისი თქმით, ბევრ მიღწევაზე არის საუბარი თავად სახალხო დამცველის ანგარიშში, ესენია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ამოქმედება, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დახვეწა, პენიტენციურ დაწესებულებებში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, სამართალდამცავი კუთხით ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრა და ასე შემდეგ. სოფო კილაძემ დაასახელა ის მთავარი გამოწვევებიც, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს.

„რაც არ უნდა სხვა პრობლემებზე გადაიტანონ აქცენტი სხვადასხვა ტიპის ანგაჟირებულმა ექსპერტებმა, სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ენჯეოებმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მთავარ გამოწვევად მაინც რჩება სიღარიბე, რომელიც არის ჩვენი ყველაზე დიდი წუხილის საგანი. პანდემიამ სამწუხაროდ, კიდევ უფრო დაამძიმა ამ კუთხით სიტუაცია და ისედაც მოწყვლადი ჯგუფები კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, უამრავი მოქალაქე ცხოვრობს სიდუხჭირეში, სამწუხაროდ, უამრავი ბავშვი არის მოკლებული განვითარების ნორმალურ პირობებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლებში იგივე პრობლემის წინაშე არ ვიდგეთ“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, გამოწვევები არსებობს ჯანდაცვის, აზარტული თამაშების, შრომის უსაფრთხოების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

„ოკუპირებული ტერიტორიები არის ჩვენი უდიდესი ტკივილი, სადაც ადამიანები არიან სრულიად დაუცველები. განსაკუთრებით, ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დევნას და სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს ობიექტური მიზეზების გამო, არ შესწევს იმის შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ბავშვებს პირდაპირ უზღუდავენ ყველანაირი საშინელი ხერხის გამოყენებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას და პირდაპირ მიდის რუსიფიკაცია, რაც არის ძალიან მძიმე“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

გამოწვევებზე საუბრისას, მან 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროდ, ვიცით, რომ არათანაზომიერი ძალა იქნა გარკვეულ შემთხვევებში გამოყენებული, დაშავდნენ მოქალაქეები, ზოგიერთმა მოქალაქემ თვალიც კი დაკარგა. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და ხელისუფლებისგან ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ყველა შესაბამისი პროცედურის დასრულება, რომ საბოლოო ჯამში, ვისაც რა ბრალი მიუძღვის, იმ ბრალის პროპორციულად იქნენ ეს პირები პასუხისგებაში მიცემული“,- განაცხადა სოფო კილაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარკვეულმა დესტრუქციულმა ძალებმა სცადეს, მომხდარი ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსასვლელად გამოეყენებინათ.

„ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუთმობს ვერცერთ დესტრუქციულ ძალას პარლამენტში შტურმით შევარდნას. გვყავს ეს დესტრუქციული ძალები ოპოზიციის სახით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ოპოზიციასაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენთან სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი არის დესტრუქციით დაკავებული. ოპოზიციის ამ ნაწილმა იცის ძალიან კარგად, რომ ვერცერთი დემოკრატიული არჩევნებით, ვერც სუფთა პროპორციულით, ვერც მაჟორიტარულით, ვერც შერეულით, ვერ მოვა ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ასეთ ძალას, რომელსაც მართლა სისხლი აქვს კისერზე, უკან არ აირჩევს და ყოველთვის ეტყვის უარს“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გამოწვევებია თანასწორობის კუთხით. სოფო კილაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ძალადობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს