ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები ცნობილია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) მოსახლეობის ფინანსური განათლების 2019 წლის გლობალური კვლევის შედეგები წარადგინა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კვლევა გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია OECD/INFE-ის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა და მასში 26 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც, მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მოსახლეობის ფინანსური განათლების საერთო დონე შეფასდა, რაც, თავის მხრივ, 3 კომპონენტის - ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების - ელემენტების შედეგებს ეფუძნება. კვლევა ისეთ საკითხებსაც მოიცავდა, როგორებიცაა მოსახლეობის ფინანსური ჩართულობა, ფინანსური სტაბილურობა და ფინანსური კეთილდღეობა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს OECD/INFE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ვებინარზე გაიმართა, რომელსაც კვლევაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც ფინანსური განათლების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა.

„ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა მეტად ორგანიზებული და სისტემატური ხასიათი 2016 წლიდან მიიღო. კერძოდ, შევიმუშავეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია და დავიწყეთ მისი დანერგვა. თუმცა, კვლევის მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად ცოდნის კომპონენტში გამოვლენილი მაღალი შედეგებისა, ქცევებისა და დამოკიდებულებების ცვლილებისთვის სამწლიანი პერიოდი საკმარისი ნამდვილად არ არის, ფინანსური განათლების დონის ზრდა ხანგრძლივი და მუდმივი პროცესია. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევების პერიოდული ჩატარება, რამდენადაც ის გვეხმარება ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვაში", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს მსგავსი ტიპის კვლევების პერიოდულად ჩატარების აუცილებლობასა და მათი შედეგების ანალიზის მნიშვნელობაზე.2019 წლის გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ ფინანსური განათლების მიმართულებით შესაძლო 21 ქულიდან 12,1 ქულა (57,6%) აჩვენა.ცალკეული კომპონენტების მიხედვით კი ფინანსური განათლების საკითხებში საქართველოს მოსახლეობამ 7 შესაძლო ქულიდან 4,5 ქულიანი (62,5%), ქცევებში 9-დან 5,1 ქულიანი (56,3%), ხოლო დამოკიდებულებებში 5-დან 2,5 ქულიანი (50%) შედეგი აჩვენა.

„ცონდის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალოზე მაღალია და 11 ქვეყანას უსწრებს. ცოდნის კომპონენტების შედეგებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი სარგებლის (89%), რისკისა და უკუგების (79%), ინფლაციის (88%) არსი, ხოლო რისკის დივერსიფიკაციის (54%) საკითხებში ცოდნის საშუალო დონე აქვს. ამასთან, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%), რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო ორივე ტიპის პროცენტი სწორად მხოლოდ მოსახლეობის 24%-ს ესმის.ქცევის კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი ყველა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება და 8 ქვეყნის მონაცემებს უსწრებს. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აკონტროლებს საკუთარ ფულსა (70,6%) და ხარჯებს. კერძოდ, 90% დროულად იხდის გადასახდელებს და 71,4% სიფრთხილით ეკიდება შესყიდვას და განიხილავს ალტერნატივებს. საქართველოს მოსახლეობამ მაღალი შედეგები ქცევის განმსაზღვრელ ისეთ კომპონენტებშიც აჩვენა, როგორიცაა საოჯახო ბიუჯეტის არსებობა (88%), აქტიური დანაზოგების ქონა (66,7%). თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი (40,4%) ისახავს გრძელვადიან გეგმებს, ხოლო საპენსიო ასაკისთვის მზადყოფნა მოსახლეობის მხოლოდ 12%-მა დააფიქსირა, რადგან დიდი უმრავლესობა ამ ასაკს სახელმწიფო პენსიის ან ოჯახისა და შვილების იმედად ხვდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტების შემთხვევაში მოსახლეობა ალტერნატივების მოძიებას ახდენს, უშუალოდ ფინანსური პროდუქტების შეძენისას ფასების შედარებას მოსახლეობის მხოლოდ 20% ცდილობს, ხოლო მიუკერძოებელი რჩევის მოძიებას მხოლოდ 38% მიმართავს.რაც შეეხება დამოკიდებულებებს, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვამ ამ კომპონენტში სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს (79%), ბევრი მათგანი კი სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფულის გრძელვადიანი მიზნებისთვის შენახვასთან შედარებით მეტ კმაყოფილებას ფულის ხარჯვა ანიჭებს (56%), ხოლო დაახლოებით 37% მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო