პრემიერი -  ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა განათლების სისტემური რეფორმა

„ადამიანური კაპიტალი საქართველოს შემთხვევაში არის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა და საბოლოო ჯამში ძირითადი რესურსი, აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა განათლების სისტემური რეფორმა, რამეთუ კომპეტენციის თვალსაზრისით ადამიანური კაპიტალი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ეფექტურად იზრდებოდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას აქვს მარტივი მიზანი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდები, საქართველოს განათლების სისტემის გავლის შემდეგ, გლობალურ ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები.

„სხვა შემთხვევაში, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან ქართულ განათლების სისტემას, ვერ გაუწევენ კონკურენციას გლობალურ ბაზარზე თავიანთ თანატოლებს, რომლებსაც ღირსეული, ეფექტური, უფრო წარმატებული განათლების სისტემა ექნებათ გამოვლილი. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია. მაგრამ ამასთან ერთად, უნდა ვიყოთ რეალისტები და გვესმოდეს, რომ განათლების სისტემური რეფორმა არის გრძელვადიანი და კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა ეტაპს - როგორც სასკოლო, უმაღლესი, სამეცნიერო თვალსაზრისით და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს რეფორმა 1 ან 2 წელიწადში დასრულდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა, რათა სულ უფრო და უფრო მდგრადი იყოს ქართული განათლების სისტემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მუშაობა არ უნდა დავიწყოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პირველი შედეგები უახლოეს პერიოდში დაგვიდგეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ მიმართულებით განათლების სისტემაში ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„მაგალითისთვის ეს არის ახალი სკოლის მოდელი, რომელშიც ჩართულია 166 სკოლა და ეს ეხება 4 ათასამდე მასწავლებელს; მნიშვნელოვანია, რომ სრულდება სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი. შედეგად ინტერნეტით სრულად უნდა იყოს დაფარული 2 ათასამდე სკოლა. განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, თუმცა ისეთი უბრალო თემები, როგორიცაა მაგალითად ტრანსპორტირება, ესეც პრობლემა იყო, ბავშვები უბრალოდ სკოლამდე ვერ მიდიოდნენ. პრობლემა იყო ქართული ენის სწავლის ხელმისაწვდომობაც. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დღეის მდგომარეობით 1 395 სტუდენტი სარგებლობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი სახელფასო პოლიტიკა. შეუძლებელია, ვისაუბროთ განათლების სისტემის ეფექტურ რეფორმაზე, თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები, ამიტომ, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროგრამა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპენსიო ასაკის 8 426 პრაქტიკოსი მასწავლებელი, ღირსეულ პენსიაზე გავიდა ფულადი ჯილდოს გადაცემის შედეგად, რომელიც 2 წლის ხელფასს მოიცავდა.

„2 წლის ხელფასის ერთჯერადად, ფულადი ჯილდოს სახით გადაცემის გარდა, საპენსიო ასაკის ჩვენს მასწავლებლებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევაც. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას ორი მიზანი აქვს - საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანებს, ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს მივცეთ პენსიაზე ღირსეულად გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საყოველთაო განხილვის საგანია ერთიანი ეროვნული გამოცდები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული გეგმა ძალაშია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ეროვნული გამოცდები ჩატარდეს ღირსეულად, როგორც აბიტურიენტებს შეეფერებათ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლის კონცეფცია.

„მოგეხსენებათ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს სკოლებში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, მუდმივი პრობლემა იყო და ამ პრობლემის გამოსწორებას სისტემური მუშაობა სჭირდება. ამ მიმართულებით, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და 2019 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის ეფექტურობა რაოდენობრივადაც და ხელფასის თვალსაზრისითაც. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 70 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 717 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 111 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს