მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს

"ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა დააყენა გაზრდილი საერთაშორისო ვალის, ოკუპანტი ქვეყნის დაუფარავი აგრესიის, კორუფციისა და საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორების, ევროპისა და ამერიკის კრიტიკის წინაშე, რომელსაც ეს მთავრობა ვერ უძლებს , - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტს წარუდგინა, შეაფასა.

პარტიის ლიდერი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რუსულ ოკუპაციას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კორუფციასთან ბრძოლას შეეხო, რაზეც დღეს გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოფნისას ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მთავრობის ვალი 3-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როდესაც მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ამ მთავრობას უნდა დავარქვათ ვალის მთავრობა. რადგან 2013 წლის მონაცემებით, საგარეო და საშინაო ვალი, რომელიც 9 მილიარდს შეადგენდა, 2020 წლის მონაცემებით 27 მილიარდამდე გაზარდეს. ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენს არც ერთ მოქალაქეს ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლია. ჩვენ გვყავს უუნარო, არაფრის მაქნისი მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის იმედი ვერ გაუჩინა ხალხს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, საგარეო და საშინაო ვალის უმიზნოდ გაზრდის პარალელურად, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება კორუფცია, რომლის საწყისიც თავად მმართველი გუნდია. მათი განცხადება, რომ კორუფციას ებრძვიან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ისინი აფინანსებენ ჩინოვნიკების სქემებს.

„მე მათ მინდა ვუთხრა, რომ კორუფციის ბუდე და საწყისი თავად არიან. ისინი არათუ ებრძვიან კორუფციას, არამედ უწყობენ ხელს. საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმოებმა, რომელსაც მართავენ ჩინოვნიკები, ე.წ ჰიბრიდულმა გარიგებამ ჭიათურასა და ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზამ და სხვა, 3 მლრდ. ზარალი აჩვენა. დაზარალდა თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ოკუპაციას შეეხო.

"ოკუპაცია კვლავ რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად," - პრემიერის ამ ფრაზას ხაზარაძემ სამარცხვინო უწოდა, იმ რეალობაში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი ღია ტექსტით, დაუფარავად ემუქრებოდა საქართველოს მოქალაქეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობას აღნიშნულზე პროტესტი არ გამოუთქვამს, დღევანდელი შეფასება კი უადგილოა.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-სთან პარტნიორობის საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ამერიკის მხრიდან ყველაზე მძიმე შეფასებები აქვს, რაც „ქართული ოცნების“ „დამსახურებაა“.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მაღალ ნიშნულზე მხოლოდ აშშ-სა და ქართველ ხალხის ურთიერთობაა, რაშიც მმართველ გუნდს წილი არ უდევს.

პარტიის ლიდერი იმ კრიტიკაზეც საუბრობს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანამ ამერიკისგან მიიღო. ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავი გამოიჩინა, როგორც გადამგდებმა და მატყუარა მთავრობამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა