ივანე მაჭავარიანი - ანტიკრიზისული ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან

ანტიკრიზისული ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარინმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები ასახავს იმ საჭიროებებს, რომლებიც დგას მოქალაქეებისა და ბიზნესის წინაშე.

“თქვენ გახსოვთ, ისტორია დაიწყო იქედან, რომ ითქვა თითქოს ეს არის ბიუჯეტი, რომელიც თავის თავში მოიცავს ამომრჩევლის მოსყიდვას იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითი დახმარების პაკეტი მომზადდა. დასაწყისში დაგვაბრალეს, რატომ ვაძლევთ კომპენსაციას მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში, რომ ეს არის მოსყიდვა და ა.შ. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ეს არის "ფეიკბიუჯეტი", რომელიც მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება. ყველანაირ აზრს მოვისმენთ, ამაში არ არის პრობლემა, მაგრამ მთავარი არის, რომ ეს ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რომ გადახედოთ სხვადასხვა, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებს, ჩვენი და ჩვენზე ძლიერი შესაძლებლობების ქვეყნებს, მათთან შედარებით ძალიან ოპტიმალური ბიუჯეტია”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც იღებენ კომპენსაციას.

“ჩვენ ვიცით რა პრობლემებიც დგას. მაგალითად, ის რომ ყველა ადამიანს ვისაც სჭირდება დახმარება, ვერ დაუდასტურდა შემოსავალი. ამაზე ვმუშაობთ და შევეცდებით მაქსიმალურად ყველას დავეხმაროთ. უამრავჯერ მოხდა ცვლილება და შეიცვალა კრიტერიუმები. გავზარდეთ ვადები, ასევე, კომპენსაციების მიმღებ პირთა სიაში შევიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც 2019 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში 3 თვე მაინც მუშაობდნენ. გაფართოვდა სია, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მიიღოს კომპენსაცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გარკვეულ წესებზე დაყრდნობით. ეს არის გადასახადის გადამხდელთა ფული და ბიუჯეტის ხარჯვას თავისი წესი და პრინციპები აქვს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, გლობალური პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის ხარვეზი, რომელიც უკავშირდება თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის საკითხს.

“საერთოდ, ჩვენი სოციალური და კულტურული ხარვეზია ის, რომ ჩრდილოვან სფეროშია ბევრი დასაქმებული, რომ გვყავს არაიდენტიფიცირებადი პირები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეღავათიანი და დაბალი საგადასახადო რეჟიმები გვაქვს. ზოგ შემთხვევაში, ისინი ნულოვანი განაკვეთით იბეგრებიან, ზოგ შემთხვევაში 1%-ით იბეგრება მცირე მეწარმე. მიუხედავად ამისა, ისინი არ რეგისტრირდებიან. ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივიღოთ მათგან დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, საუბარი არის იმაზე, რომ სეზონურად დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც ინტენსიურად კვეთდნენ საზღვარს მივცეთ დახმარება. ვცდილობთ ასეთი ახალი ალგორითმები მოვარგოთ მათ.

ახლა, ყველას და ყველაფრის გაკრიტიკება შეიძლება. ხარვეზი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია, სწორ პრინციპებზე იყოს აგებული დახმარების პაკეტი და ვიყოთ გულწრფელები და იმ შეცდომებზეც არ შეგვეშინდეს ლაპარაკი, რაც შეიძლება მოგვივიდეს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა, რომლის კომენტარსაც ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა