გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი - მათ გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა და მცხეთაში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი, შედარებით უმცროსი ასაკის პირები ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ

თბილისის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალს წაუყენებენ. მოგვიანებით კი, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ვასილ მახარაძეს წარედგინება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მათი უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბეები ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ მორაგბეები - არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე - თბილისიდან მცხეთაში თავიანთი უბნელი მეგობრების წამოსაყვანად ჩავიდნენ, რათა ისინი კონფლიქტური სიტუაციისგან განერიდებინათ.

„ისინი „ტოიოტას" მარკის ავტომობილში ისხდნენ. სხვა რაიმე სახის მონაწილეობას დანაშაულში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ისინი არ ადასტურებენ და არ ეთანხმებიან. როგორც თვითონ ამბობენ, ისინი არ გაკიდებიან შაქარაშვილს მდინარემდე.

მათ გაიგეს, რომ რაღაც კონფლიქტი მოხდა და ჩავიდნენ იმისთვის, რომ განერიდებინათ თავიანთი უბნელი, შედარებით უმცროსი ასაკის პირები ამ კონფლიქტიდან.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე საგნის გამოყენებას. ამირხანაშვილმა პირველი ჩვენებისას თვითონ უარყო რაიმე სახის დაპირისპირება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან ან მათი მხრიდან რაიმე ტიპის ძალადობა. ასევე, უარყო ის ფაქტი, რომ მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, თუმცა შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, მან ალბათ, შეცვალა ეს ჩვენება. დღეს გადმოგვეცემა საქმის მასალები და დაზუსტებით შევძლებთ ვილაპარაკოთ, რა ჩვენება მისცა ამირხანაშვილმა პირველად და რა ჩვენება მისცა შემდგომ“, - აცხადებს ადვოკატი.

დაკავებულ მორაგბეებს საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, გიგა ტატიაშვილი.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა