ვანო მაჭავარიანი - სენატორი ჯიმ რიში პირდაპირ მიანიშნებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო იყოს აშშ-ის მოკავშირე

სენატორი ჯიმ რიში პირდაპირ მიანიშნებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო იყოს აშშ-ის მოკავშირე. საერთო ჯამში, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყანას და იმ საარჩევნო პროცესს, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ, როგორც სამართლიანი და ლეგიტიმური, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებას, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის პირობებს შეეხება.

მაჭავარიანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ტყუილია. მისივე თქმით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სენატორებისა და კონგრესმენების აზრი არ არის მნიშვნელოვანი, ბიძინა ივანიშვილის გულის საამებლად კეთდება.

„სენატორ რიშის განცხადებაში პირდაპირი გზავნილია, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ არ დაკარგოს სტრატეგიული პარტნიორის როლი და ფუნქცია. ეს პირდაპირ გადის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაზე და ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისგან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იმ საფრთხის დაკნინება, რომლის წინაშეც ქვეყანა შეიძლება დადგეს, თუკი ამერიკა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვის, უსაფრთხოების თუ სხვა საკითხებში. ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. ძნელად წარმოსადგენია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ვერ ხვდებოდეს, თუ რა პირდაპირი გზავნილია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო იყოს აშშ-ის მოკავშირე. საერთო ჯამში, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყანას და იმ საარჩევნო პროცესს, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ, როგორც სამართლიანი და ლეგიტიმური.

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო პოლიტიკას არამარტო განსაზღვრავს საკანონმდებლო ორგანო - სენატი, კონგრესი - არამედ სწორედ ის აფინანსებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ამა თუ იმ პოლიტიკის გატარებაში. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ტყუილი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სხვა პოზიციაზეა და სენატი და კონგრესი მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, ეს არის დავით ზალკალიანის და „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი განცხადება, ბიძინა ივანიშვილის გულის საამებლად. მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ შემდგომი ნაბიჯებისთვის. ფაქტია ერთი რამ - სენატორ რიშს ძალიან კარგად ესმის საქართველოში არსებული სიტუაცია, ის პრობლემები, რომელიც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით არსებობს, ერთპიროვნული, პუტინური სტილის სახელმწიფოს მართვის საშიშროების არსებობა და ცდილობს საქართველო აარიდოს მსგავსი სცენარის განვითარებას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, დაზარალდება თუ არა ოპოზიციის იმიჯი, თუკი ის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა „ქართული ოცნება“ ცვლილებების დამტკიცებასაც შეძლებს და ამის შემდეგ, რურუასაც გაათავისუფლებს, ვანო მაჭავარიანი პასუხობს, რომ ამ ორი მთავარი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ოპოზიციის ამომრჩეველი კმაყოფილი იქნება.

„ვფიქრობ, გიორგი რურუას გამოშვება გონივრული ნაბიჯი იქნება. როდის მოხდება მისი გათავისუფლება, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ვფიქრობ, ოპოზიციამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა. თუკი ეს ორი მიზანი - საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული ადამიანების გამოშვება - იქნება მიღწეული, ამ შემთხვევაში ოპოზიციის ამომრჩეველი კმაყოფილი იქნება და არამგონია, რამე განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნას ამ თვალსაზრისით. დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მცდელობა, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც დემოკრატიის შუქურა და ოპოზიცია, როგორც ანტიდემოკრატიული, ამრევი ძალა, არ მუშაობს. ამაზე მეტყველებს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და ევროპის დედაქალაქებიდან გზავნილები, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, არ გადაუხვიოს დემოკრატიული განვითარების გზას და არ გახდეს პუტინის სტილის მმართველობის ქვეყანა,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის.

რიშის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება. აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და პროცესები უფრო გამჭვირვალე გახადონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა