„თავისუფალი საქართველო“ - ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოენოვანი რეკლამები კანონდარღვევით არის განთავსებული

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ბიზნეს სექტორს, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მაქაცარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, კომპანია, რომელსაც მხოლოდ უცხოენოვანი წარწერა აქვს აბრაზე, საქართველოს კანონმდებლობას არღვევს.

მაქაცარიას განცხადებით, პარტია ყველა კომპანიას, რომელიც არღვევს საქართველოს კანონს და პროდუქციის რეკლამას განათავსებს მხოლოდ უცხოენოვანი წარწერით, წერილობით გაფრთხილებას გაუგზავნის, ხოლო თუ დარღვევა არ იქნება აღმოფხვრილი, „თავისუფალი საქართველო“ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურებს შესაბამისი საჩივრით მიმართავს, რათა მოხდეს დამრღვევთა დაჯარიმება და სანქცირება კანონით დადგენილი წესით.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, არც თუ ისე იშვიათად ვაწყდებით სარეკლამო ბილბორდებს, რომელზეც წარწერები შესრულებულია მხოლოდ უცხოურ ენაზე, მაგალითად: ბარბერის, ვერონას, კასტელოს და „ციკოლიას“ ბრენდის საათის რეკლამები. რეკლამის განთავსების წესები ცალსახად და გარკვევით არის მოწერიგებული რეკლამის შესახებ კანონმდებლობით: „რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე“. ამავე კანონის, 21 მუხლის თანახმად: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას“. სამწუხაროა, რომ კომპანიები, რომლებიც კაპიტალს აგროვებენ საქართველოში, ელემენტარულ პატივს არ სცემენ ქართულ ენასა და ქართულ კანონმდებლობას, მით უფრო, რომ რეკლამის განთავსების წესების დაცვა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულესა და შეფერხებას სუბიექტებისთვის.

მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს, რომელიც საქმიანობს ჩვენს ქვეყნაში, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა რეკლამის შესახებ, ვინაიდან ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება არა მხოლოდ კანონის ფორმალურ დარღვევას, არამედ საქართველოს სახელმწიფო ენის და მისი სტატუსის მიმართ დამოუკიდებულებას”, - აცხადებს შოთა მაქაცარია.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა