კამპანიის „გლობალური მიზანი: გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“ ფარგლებში, კონცერტი და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესის მხარდასაჭერად, მსოფლიო ლიდერების სამიტი გაიმართება

დღეს, ევროკავშირის და ადვოკატირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 28 მაისს ინიცირებული კამპანიის „გლობალური მიზანი: გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“ ფარგლებში, გაიმართება კონცერტი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით და მსოფლიო ლიდერების სამიტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტი დაიწყება დღეს, ათ საათზე, კორონავირუსზე გლობალური რეაგირების მსოფლიო ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ.

ღონისძიების მიზანია დამატებითი თანხების შეგროვება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, ტესტებისა და წამლების შესაქმნელად.

„ვაქცინების ხელმისაწვდომობა მსოფლიოს ყველა კუთხეში და ყველა ადამიანისთვის მსოფლიოს ამ პანდემიის დამარცხებასა და სხვა პანდემიების თავიდან აცილებაში დაეხმარება. გარდა ამისა, შექმნის თანასწორ და სამართლიან პირობებს პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გამოსასწორებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონცერტს, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება, მსახიობი დუეინ ჯონსონი წაიყვანს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: შაკირა, Coldplay, აშერი, ჯენიფერ ჰადსონი, მაილი საირუსი, ჯასტინ ბიბერი და ქუავო, ჯ ბალვინი, ქლოე და ჰალე, იემი ალადე, და Christine and the Queens.

კონცერტის მსვლელობისას, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მაყურებელს მიმართავენ კრის როკი, ჰიუ ჯეკმანი, კერი უოშინგტონი, შარლიზ ტერონი, ფორესტ უაითეკერი, დევიდ ბექჰემი, სალმა ჰაიეკ პინო, ბილი პორტერი, დაიან კრიუგერი, ენტონი პოროვსკი, კენ იონგი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ და ოლივია კოლმანი.

რაც შეეხება მსოფლიო ლიდერების სამიტს - „გლობალური მიზანი: გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“, მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უმასპინძლებს. სამიტზე სიტყვით გამოვლენ მსოფლიოს ლიდერები, ადამიანის უფლებების დამცველები, მსახიობები და სამოქალაქო აქტივისტები.

დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, მაილი საირუსი, ანჟელიკ კიჯო, კენ იონგი, აგრეთვე ექსპერტები და ლიდერები, მათ შორის, მელინდა გეითსი, ვინ გუფტა, NAACP-ის პრეზიდენტი დერიკ ჯონსონი, ედი ნდოპუ, ნგოზი ოკონჯო-ივეალა, კეიტ აპტონი და ჯასტინ ვერლანდერი.

„კონცერტის ყურება შესაძლებელია კორონავირუსზე გლობალური რეაგირების ვებ-გვერდზე - Coronavirus Global Response website და ევროკომისიის სოციალური მედიის გვერდებზე: Facebook, Twitter და YouTube.

სამიტი გადაიცემა გლობალური მიზნის (Global Goal) ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის აღნიშნული გვერდების საშუალებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ხელოვნების მოღვაწეებს აქვთ ძალა, ბიძგი მისცენ ცვლილებებს.

„ისინი საკუთარი ნიჭით დიად საქმეებს ემსახურებიან. 27 ივნისს გამართულ სამიტსა და კონცერტზე - „გლობალური მიზანი: გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“ მსახიობები, მუსიკოსები, მეცნიერები და მსოფლიო ლიდერები მსოფლიოს უპრეცედენტო ერთიანობის მომენტში ერთ ხმაში ისაუბრებენ. ისინი დადებენ პირობას, რომ დაეხმარებიან მსოფლიოს კორონავირუსის დამარცხებაში ისე, რომ არცერთი ადამიანი ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ევროკავშირი მზადაა, უზრუნველყოს ვაქცინის ყველასთვის თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობა. მე მჯერა, რომ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია სამყარო უფრო უსაფრთხო გავხადოთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„მსოფლიო მოქალაქის“ თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰიუ ევანსმა აღნიშნა, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში მოითხოვენ სისტემურ ცვლილებებს, ისეთ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანობას ყველასთვის, დედამიწის ყველა კუთხეში, ადამიანების დაბადების ადგილისა და კანის ფერის მიუხედავად. „იმისათვის, რომ COVID-19 საბოლოოდ დავამარცხოთ, მსოფლიო ლიდერებმა მილიარდობით დოლარი უნდა გაიღონ აუცილებელი ტესტების, წამლებისა და ვაქცინების დასამზადებლად. კონცერტი - „გლობალური მიზანი: გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“ მუსიკას, როგორც ცვლილებისა და ერთიანობის მამოძრავებელი ძალის საუკუნოვან კონცეფციას, იყენებს იმ ადამიანების, მათ შორის ექიმების, მეცნიერების, ლაბორატორიების თანამშრომლების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების მუშაკებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების პატივსაცემად, რომლებიც ამ გლობალურ პრობლემას ებრძვიან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არა მარტო COVID-19-ის სამკურნალო საშუალებების შექმნაზე მუშაობენ, არამედ უზრუნველყოფენ ამ საშუალებების ყველასთვის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ჰიუ ევანსმა.

„კამპანია „გლობალური მიზანი: გავერთიანდეთ ჩვენი მომავლისთვის“ 28 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, პატრონაჟით დაიწყო. კამპანია, რომლის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Bloomberg Philanthropies, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი და Wellcome Trust, ორიენტირებულია მოწყვლად მოსახლეობაზე პანდემიის ზემოქმედების შემსუბუქებაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო