სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა

ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეფე ვახტან გორგასლის მიერ აშენებული უჯარმის ციხის მონახულების მიზანი მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და აღნიშვნაა.

ვიზიტორებს უკვე 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, რომლის შემადგენლობაშიც შედის უჯარმის ციხის კომპლექსი.

"ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, როცა ეტაპობრივად იხსნება მუზეუმები და მუზეუმ -ნაკრძალები, საქართველოს პრეზიდენტი განაგრძობს როგორც უცნობი, ასევე ფუნდამენტური მნიშვნელობის ტურისტული დანიშნულების ადგილების მონახულებას და საზოგადოებასაც შიდა ტურიზმის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტს კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერებინა და ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა; განვლილი სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, კომპლექსის ციტადელი სრულად გაიწმინდა ნაყარი მიწის ფენისაგან. ასევე სრულად აღდგა ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი. საკონსერვაციო სამუშაოებმა მოიცვა ციტადელის უმეტესი არქიტექტურული წყობები, რომლის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ჩამოშლილი",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონსტრუქციული წყობების გაწმენდისა და კონსერვაციის შემდეგ, უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი მოეწყო ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები.

სრულად განახლდება უჯარმის ვიზიტორთა ცენტრის შენობა, რომელიც შემეცნებით-საინფორმაციო და მულტიმედიური საექსპოზიციო დანადგარებით აღიჭურვება.

"წელსვე, უჯარმის ციხე-ქალაქის სრული არქიტექტურული გეგმარების გამოსავლენად არქეოლოგიური პროცესი წარიმართება.

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება",- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უჯარმა, ისტორიული ცნობების მიხედვით, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.

არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან - ციტადელისა (ზედა დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება.

იხილეთ ვიდეო:ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე