გიგი წერეთელი - მინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, „ფეიკ- ნიუსების“ შეთხზვას და გავრცელებას თავი დაანებონ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავჯდომარე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს „ფეიკ-ნიუსების“ გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ხელისუფლებას ის ენერგია და შემართება, რასაც „ფეიკ-ნიუსების“ გავრცელებაში ხარჯავს სწორი საქმეებისთვის, რომ მოეხმარებინა ქართველი ხალხი ასეთი გაჭირვებული არ იქნებოდა.

"გუშინ, „იმედის“ ეთერში „ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ, ძალიან იწვალა, რაღაცით გაემართლებინა შეთხზული ვერსია 2016 წელს, ჩემი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის დელეგაციის თითქოსდა მხარდაჭერის შესახებ. პარლამენტში პათეტიკური გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი... ეს რომ ტყუილია, მთელმა მსოფლიომ იცის. ის არჩევნები წავაგე სულ 11 ხმით, სწორედ რუსეთის დელეგაციის და მათზე უარესად, საქართველოს ხელისუფლების მავნებლობის შედეგად.

გადაცემის წამყვანიც კი რამდენჯერმე ეცადა, რამე ლოგიკური წამოეცდენინებინა მისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა, და არც არავის გამოუვა, როცა ტყუილებზე აგებ ასეთ კამპანიას.

მერე თქვა წლები ამერიაო, არ ვიცნობ გიგი წერეთლის ბიოგრაფიას ასე კარგადო. როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, აგერ რუსეთის დუმის სპიკერის და სხვა ლიდერების იმდროინდელი განცხადებებია,- არ ვუჭერდით მხარს გიგი წერეთელს და კარგია რომ წააგოო, ამაზეც პასუხი საიდან უნდა ჰქონოდა? ადგა და პარლამენტში გამოსვლისგან განსხვავებით, არა რუსული სახელმწიფო სააგენტო, არამედ, ამჯერად, ქართული წყარო მოიშველია.

აქ ჩემი ერთი ფრაზა ამოიჩემა - „ასამბლეის მომავალი პრეზიდენტისთვის, ყველა დელეგაციის მხარდაჭერა კარგი გზავნილია“. ოღონდ, აღარ გაუგრძელებია რა კონტექსტში ითქვა ეს ზოგადი ფრაზა. ამის გაგრძელება კი ის იყო, რომ თუ რუსეთის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერა უნდათ, ეს ნიშნავს, მათ უნდათ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, ანექსიის შეჩერება, დევნილების დაბრუნება და ეს ძალიან კარგია.

მგონია, ოდნავ გონიერი ადამიანი მიხვდება ამ ირონიის შინაარსს და პასუხს რუსეთის რამდენიმე დეპუტატის მიერ გავრცელებულ „ფეიკ-ნიუსზე“, რაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებასთან იყო კოორდინირებული.

და რუსეთის დელეგაციის რომელიმე ოდიოზური წევრი თუ არ უნდა შემოეშვათ, ახლა რომ ამბობენ, ეს ხომ მათი გადასაწყვეტი იყო, ხომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში 2016 წელს? მაგრამ მაშინ აწყობდათ მათი აქ ყოფნა, სწორედ ჩემი კანდიდატურის ჩასაგდებად. მათი ლობისტებისთვის მიცემული დავალებებიც გამახსენდა.

ამიტომ, ტყუილების ლაპარაკს აზრი არ აქვს და ვერც შედეგს მოიტანს.

როგორც ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2016 წლის შემდეგ 2 ჯერ ამირჩია, ბერლინში ერთხმად და შემდგომ, ლუქსემბურგში, მძიმე არჩევნებში, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან კონკურენციაში, ფარული კენჭისყრით, 400-მდე დელეგატს შორის. რუსეთის წინააღმდეგობა ყოველთვის დიდი იყო და დემარშებს აწყობდნენ ჩემი პრეზიდენტობის და ასამბლეის მიერ მიღებული პრინციპული რეზოლუციების გამო საქართველოს თუ უკრაინის მხარდასაჭერად.

ეს ქართული დელეგაციის „ოცნების“ წევრებმაც კარგად იციან და ყველაფრის ვიდეო არქივებიც არსებობს. თუ რუსული პრესის კითხვა მოწონთ, ნახონ დამოკიდებულება და რეაქციები ამ ამბებზე, მითუმეტეს, როცა ასე ჯერათ მათი რუსი კოლეგების განცხადებების. ასევე, გამოაქვეყნონ ეუთო-ში მიღებული რეზოლუციები, თუნდაც 2016 წელს და შემდგომ წლებში, რომელიც სწორედ რუსებთან დიდი ბრძოლის შედეგად მივიღეთ.

ბოლოს, მინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს - ამ „ფეიკ- ნიუსებს“ ხშირად რომ ახსენებთ და ვითომ ებრძვით, თქვენ რაღას თხზავთ და ავრცელებთ?

და ამაში ხალხის ფულს ხარჯავთ თან. ეს „ენერგია“ და „შემართება“ სწორი საქმეებისთვის რომ მოგეხმარებინათ 8 წლის განმავლობაში, ჩვენი მოსახლეობა ასეთ უიმედობასა და სიდუხჭირეში არ იქნებოდა ნამდვილად", - აცხადებს გიგი წერეთელი.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა