არასამთავრობო ორგანიზაციები - გაკვირვებას იწვევს გერმანიის ელჩის შეფასება, როცა ის სოფო კილაძისადმი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს

45 არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის, პოზიციას ეხმაურება, რომელიც ელჩმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარდგენის საკითხზე დააფიქსირა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ გაკვირვებას იწვევს ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რატომ არ ემხრობიან გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფო კილაძის წარდგენას. ისინი აღნიშნავენ, რომ სოფო კილაძეს არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.

„ვეხმაურებით საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ბატონი ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომელიც 25 ივნისს, გერმანიის საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელის (Facebook) გვერდზე გამოქვეყნდა. მიმართვაში ელჩი აფასებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ პოზიციას, რომელიც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტის წევრის, სოფიო კილაძის წარდგენას ეხება. უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივისცემა გამოვხატოთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს, ისე გერმანელი ხალხის წინაშე. ასევე ვაფასებთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამავდროულად, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ელჩის საჯარო განცხადებას. ბატონი ჰუბერტ ქნირში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას სოფიო კილაძეზე პერსონალურ თავდასხმად აფასებს და პარალელს ავლებს პოლიტიკურ პარტიებს შორის არაჯანსაღ დაპირისპირებასთან. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღირებულ საქმიანობას და არა ამ ორგანიზაციების “ამ დონემდე დაშვებას”.

უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა გაეროს კომიტეტებში. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებოდით სახელმწიფოს პირველი მხარდამჭერები ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესში, თუკი ეს მოხდებოდა ღიად, გამჭვირვალედ, პროცედურებისა და გაეროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრული დაცვით. ჩვენი კომუნიკაცია გაეროს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ცალსახად გამორიცხავს პოლიტიკურ შინაარსს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოწოდება, ხოლო გაეროს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატის შერჩევა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის პრობლემურია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს რეკომენდაციების უგულვებელყოფა და საზოგადოებისგან ფარულად კანდიდატის შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესის წარმოება. გაერო, კომიტეტების წევრობისათვის, ადგენს მკაფიო პროცედურულ წესებს და კრიტერიუმებს, რომელთა შორისაა კანდიდატის ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში, მისი ღირებულებები და დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორთან, კანდიდატის შერჩევის რეკომენდებული პროცესის განუხრელი დაცვა და სხვ. გაეროს ყველა კომიტეტი სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს და იმავეს მოუწოდებს კანდიდატების წარმდგენ სახელმწიფოებს.

როგორც განცხადებაშიც აღვნიშნეთ, კანდიდატი, რომელიც დასახელდა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ აკმაყოფილებს ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ღია დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის წარმომადგენელთა მიმართ. აღნიშნული ფაქტები აღწერილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებში და ფართოდ არის გაშუქებული არაერთი მედია საშუალების მიერ. აღნიშნულის გამო საზოგადოებამ არაერთ პროტესტის ფორმას მიმართა. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება არა ქალბატონ კილაძეზე პერსონალური თავდასხმა, არამედ სახელმწიფოს მიერ ზემოთქმული პრინციპების უგულვებელყოფის შეფასებაა. ეს კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა. გაკვირვებას იწვევს ბატონი ელჩის შეფასება, როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს. მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მიემართება სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევას. დემოკრატიული პროცესებისადმი პატივისცემის ფონზე, სასურველია არავინ მოახდინოს საკითხის პოლიტიზირება და ნებსით თუ უნებლიედ არ შეუწყოს ხელი სამოქალაქო სექტორის დასუსტებას ჩვენს ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); თბილისი პრაიდი; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); თანასწორობის მოძრაობა; ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო; მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE); ქვიარ ასოციაცია „თემიდა“; ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი; საქართველოს პორტიჯის ასოციაცია; მედიის განვითარების ფონდი (MDF); ცენტრი „ემპათია“; ქალთა ფონდი საქართველოში; ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD); საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია; კავშირი ქალი და რეალობა; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია; თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარებისათვის (CDD); პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის (PSW); დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია (DCFG); არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი (INC); ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის; საზოგადოება ბილიკი; თავისუფლების ინსტიტუტი; პარტნიორობა ბავშვებისთვის; ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია (GACD); ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია; რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი; თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO); კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - (CTC); საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები; თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) წევრი ორგანიზაციების სახელით; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); მედიის ინსტიტუტი; კავშირი „საფარი“; უფლებები საქართველო; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა