საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მედია გარემო „ფეიკ ნიუსების“ გამო „ტოქსიკური" გახდა. როგორც სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მედია გარემო იმაზე უარესი არ არის, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება.
„მგონია, რომ მედია გარემო არაფრით არ არის იმაზე უარესი, რაც ზოგადად, ქართულ რეალობასა და პოლიტიკაში ხდება. როდესაც მედიის "ტოქსიკურობაზეა" საუბარი, ალბათ, ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ. ეს არ არის ცალკე ოპოზიციის ან ცალკე ხელისუფლების დამსახურება. ზოგადად, მედიაში, ისევე როგორც ძალიან ბევრ მიმართულებაში, არის პრობლემა, მაგრამ იმედი მაქვს და ვისურვებდი, პრემიერი უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით იყოს დაკავებული და არა მედიის „ტოქსიკურობაზე" საუბრით"- განაცხადა სალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აქტიური საარჩევნო პროცესის დაწყებამდე მედია გარემო „უაღრესად ტოქსიკური" გახდა.