შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ძიუდოისტ ტატიაშვილის ადვოკატი - მოგვიწევს ევროსასამართლოში ვეძებოთ სიმართლე

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არის „გასაჩივრება გასაჩივრებისთვის“.

მისივე თქმით, თუ საქართველოში სამართლის დეფიციტი სამართლის არარსებობაში გადაიზარდა, საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნიან.

„მოგეხსენებათ ყველას, რომ ჩვენ ვასაჩივრებთ სიტყვებს, ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტი. ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ საქმის მასალები ჩაგვბარდა შუაღამისას, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ფაქტობრივად, არ გვაქავს, დღეს ვადა იწურება. ეს ან ცინიზმია დაცვის მხარის მიმართ ან მართლა რაღაც სერიოზული იმალება ამის უკან ან ვერ წერენ და ამას სჭირდება კიდევ ვიღაცის „მიწოლა“, რომ დაწერონ. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, კითხვის ნიშნები მატულობს რაღაც გეომეტრიული პროგრესით. პერსპექტივაში იმის იმედი, რომ ხვალ და ზეგ რაიმე უკეთესობა იქნება, ბუნებრივია, არ გვაქვს იმ რეალობაში რა რეალობაშიც გვიწევს ახლა საქმის წარმოება. ალბათ, გასაჩივრება იქნება გასაჩივრებისთვის, მხოლოდ იმ მოტივაციისთვის, რომ სამომავლოდ, კატეგორიულად, სამართლის დეფიციტი სამართლის არარსებობაში რომ გადავიდეს, ბუნებრივია, მოგვიწევს გავცდეთ საქართველოს საზღვრებს და ევროსასამართლოში ვეძებოთ სიმართლე. ეს არის პრევენცია მხოლოდ ამისთვის, ამ გასაჩივრებას, ჩემი შეხედულებით, აქვს მხოლოდ ეს დანიშნულება, სხვა დანიშნულებას მე ამ გასაჩივრებაში ვერ ვხედავ,“- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

ამასთანავე, ადვოკატმა განაცხადა, რომ შაქარაშვილის მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო, თუმცა მისი ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.

„ამოცნობა მოხდა, გვიან ღამით, დაახლოებით, 11-12 საათი იყო. ეს ახალგაზრდა რომ შემოიყვანეს, პირდაპირ დაადო ხელი, ეს არის ის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერცხლისფერი მანქანით მოვიდა და გადმოვიდა მანქანიდანო. შემდეგ უკვე გამომძიებლები უსვამენ კითხვას -„ რა ფუნქცია ჰქონდა ამ ადამიანს თქვენს წინააღმდეგ? განახორციელა თუ არა რაიმე ტიპის ძალადობა ან მუქარა“. ამ შემთხვევაში მან განაცხადა -„კატეგორიულად გამოვრიცხავ გიგას მოქმედებას და მონაწილეობას რაიმე ტიპის ძალადობრივ მოქმედებაში“. რაც მე მოსმენილი გიგასგან მქონდა, იგივე გაიმეორა დაზარალებულმა“, - განაცხადა ტატიაშვილის ადვოკატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეცვალა ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა, ის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებებს გაეცნო და მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენების „გაფუჭება“.

„ჩვენებას არასდროს არავინ არ ცვლის თავისი ნებით, ამის პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს თუ ვინმე არ სთხოვს ან არ აიძულებს, რომ შეცვალოს ან რაიმე სხვა ტიპის მოქმედებას არ განახორციელებს ადამიანზე. მე რომ ჩვენებებს გავეცანი, ის არის ლოგიკას მოკლებული. ეს არის უბრაოდ ჩვენების გაფუჭება, მეტი არაფერი,“- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს