გიგლა მიქაუტაძე - ვულოცავ მთავრობას, მათი "ამოცანა" შესრულებულია - რუსეთში ტამანის პორტი აშენდა

ტამანის პორტში მდებარე ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულებას გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი გიგლა მიქაუტაძე.

როგორც მიქაუტაძე განმარტავს, ტამანის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია.

„მინდა, საქართველოს მთავრობას მივულოცო რუსეთში ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულება, რომელიც ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია, მაშინ, როცა გეგმის მიხედვით, პირველი გემი ანაკლიაში წლის ბოლოს უნდა მიგვეღო.

ასევე, შევახსენებ მას, რომ რეგიონში საკონტეინერო გადაზიდვების საშუალო წლიურმა ზრდამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 30% შეადგინა და განახლდა ყველა ჩვენი მეზობლის საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: 2015 წელს ყაზახეთში აქტაუს პორტი დ 2017 წელს ახალი ნავსადგური კურიკიში, 2018 წელს კი თურქმენბაშის და აზერბაიჯანში ალიათის ახალი პორტები აშენდა“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობით მმართველ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, ის საქმე დაესრულებინა, რომელიც მისმა წინამორბედებმა არ დაასრულეს.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაძლებლობა, ისტორიაში შესულიყო ანაკლიის სტრატეგიული პროექტის შემსრულებლად, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ შეძლო, კომუნისტებიდან მოყოლებული. მანაც ეს საქმე საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცა. არაუშავს, შემდეგი მთავრობა „ლელოს“ სახით აუცილებლად ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში და საქართველოს რეალურად აქცევს რეგიონის მთავარ სატრანსპორტო ცენტრად“ , - აცხადებს მიქაუტაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა