თამარ გაბუნიამ აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადებათან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის კომიტეტზე წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ცვლილებების პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ბიზნეს სექტორს ჰქონდა, ამიტომ კომიტეტის შეთავაზებაა, რომ აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადად 14 დღე განისაზღვროს.

"საუბარი იყო რეგისტრაციის პროცედურულ ვადებზე - საწყისი რეგისტრაციისთვის და ცვლილებების რეგისტრაციისთვის. მთავარი წუხილი, რომელიც გამოითქვა ბიზნესის მხრიდან, იყო ის, რომ ვადები არის ძალიან გახანგრძლივებული და ეს შექმნის ბიუროკრატიულ ბარიერს, თუმცა, მოტივაცია რეგულირების სააგენტოსთვის იყო ის, რომ ეს არის ვადები, რომელიც მას სჭირდება საქმის წარმოებისთვის და ამდენად მათ მოითხოვეს ვადის გახანგრძლივება 7 დღიდან 30 დღემდე, რომელიც შეეხებოდა აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციას. პარალელური იმპორტის შემთხვევაში - შეფუთვის და გადაფუთვის დროს მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა არის 5 დღე და პროექტით გათვალისწინებული იყო 20 დღე. ვადებთან დაკავშირებით იყო გარკვეული მსჯელობა და კომიტეტის შემოთავაზებაა, რომ განახევრდეს ის ვადები, რომელიც კანონპროექტით იყო გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში 7 დღის ნაცვლად, ჩვენ ვისაუბრებთ 15 დღეზე, 5 დღის ნაცვლად 10 სამუშაო დღეზე, ხოლო როცა გარკვეული ტიპის რეგისტრაციის ცვლილებებზეა საუბარი, 45 დღის ნაცვლად, 40 დღე. ეს არის პირველი მოსმენის შედეგები, რაზეც შევთანხმდით. მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლისთვის ეს ვადები არის მათ მიერ განსაზღვრულზე ნახევარჯერ ნაკლები, მაინც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათთვის ოპერირების შესაძლებლობას და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მეტად საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას მისცემს", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისათვის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციისთვის ვადა 7- დან 30 დღემდე იზრდებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს