კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“ სოციალური აგენტებს  მხარდაჭერას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების მოთხოვნები. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კოალიცია „ღირსეული შრომისთვის“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია სოციალური აგენტების მიერ 3 ივლისს დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება, მხარდაჭერას უცხადებს და მათ სამართლიან მოთხოვნებს უერთდება.

„მიუხედავად წლების განმავლობაში უცვლელად არსებული უმძიმესი შრომითი პირობებისა, რაც გამოიხატება სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასის (80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობაში, ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებში, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობასა და სხვა საკითხებში, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ეს პრობლემები ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი. ახლაც, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამინისტრო არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, დასმული საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადასაჭრელად. გარკვეული ტექნიკური მიზეზების საბაბით, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი, ხოლო მიუხედავად მედიაციის პროცესის დაწყების ოფიციალური მოთხოვნისა, მინისტრის მოადგილის მხრიდან ვისმენთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია პროფკავშირების წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ცალკეულ სოციალურ აგენტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება შეხვედრისა და ცალკეული საკითხების გადაჭრის პირობით, იმ ფონზე, რომ სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საკითხში სოციალური აგენტების პროფკავშირის მოლაპარაკების მხარედ ჩართვას. შევახსენებთ სამინისტროს, რომ სოციალურ აგენტთა პროფკავშირი წარმოადგენს მედიაციის მხარეს და სწორედ ამ პროფკავშირის ინიციატივით იქნა მოთხოვნილი მედიაციის პროცედურის დაწყება. აღნიშნული ფაქტი მიგვაჩნია პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა გაერთიანების დისკრედიტაციისა და დასაქმებულთა მოლაპარაკების ძალის დასუსტების მცდელობად.

ვინაიდან, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე, მათი დროული და ეფექტური გადაწყვეტა მიგვაჩნია გადაუდებელ საქმედ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე; მედიაციის პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი; უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სოლიდარობის ქსელი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი; თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013"; ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); სოციალურ მუშაკთა გაერთიანება; საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო