პოლიტიკური გაერთიანება „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პოლიტიკური გაერთიანება „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა, გიორგი ხაჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვის ღია არიან.

გიორგი ხაჩიძე იმედოვნებს, რომ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერა ექნება.

„პოლიტიკური გაერთიანება „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ 2016 წლის ივლისში ჩამოყალიბდა. წესდების თანახმად, 12 ივლისს მორიგი ყრილობის ჩატარება იგეგმება, სადაც ახალ თავმჯდომარეს გამგეობის წევრებთან ერთად ავირჩევთ. წინა გამგეობა ორი წელია, რაც არჩეულია და ამჯერად ახალი თავმჯდომარის და გამგეობის შემადგენლობის არჩევა გვიწევს. ახალ თავმჯდომარედ მოვიაზრები მე - გიორგი ხაჩიძე ჩემი გამგეობის წევრებთან ერთად, რომელსაც უშუალოდ ყრილობაზე წარვადგენ. ყრილობაზე დაახლოებით 300-ზე მეტ ადამიანს ველოდები. შეხვედრა რიყის პარკში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. აუცილებლად დაცული იქნება ყველა ნორმა, გვექნება პირბადეები, იქნება დეზობარიერი და თერმოსკრინინგი.

ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ 2020 წლის არჩევნებში. ასევე ვგეგმავთ, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებშიც. ჯერჯერობით, თანამშრომლობას ორ ორგანიზაციასთან ვგეგმავთ - ეს არის „ქალთა პარტია“ და „სოციალური სამართლის პარტია“, - აცხადებს გიორგი ხაჩიძე.

მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ქალთა უფლებები, უმცირესობათა უფლებების დაცვა, ბავშვთა და მოზარდა უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ.

რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, გიორგი ხაჩიძე აღნიშნავს, რომ ისინი ამისთვის მზად არიან და ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედიც აქვთ.

„ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან პრესკონფერენციის ჩატარებას ვაპირებთ და გარკვეული პერიოდი ღია თანამშრომლობას გამოვაცხადებთ. ჩვენს ძირითად მიმართულებებს გავაჟღერებთ და რომელი პარტიებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას შემოუერთდნენ, რათა ერთიანად წარვსდგეთ არჩევნებზე. ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციები მუშაობენ იმისთვის, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერა გვქონდეს და ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ უკვე 39 კანონპროექტი გვაქვს შემუშავებული“,-აცხადებს გიორგი ხაჩიძე.

მისი თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებაში დაახლოებით 1200 ადამიანია გაწევრიანებული, თუმცა ლიდერთა აქტიური გუნდი დაახლოებით 20-25 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლები. ისინი გეგმავენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა